პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს ხმა 78 -მა დეპუტატმა მისცა.

ცვლილებებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებისა და გასაჩივრების ახალი სტანდარტები დგინდება.

ამასთან, როგორც პლენარულ სესიაზე კანონპროექტის მომხსენებელმა გურამ მაჭარაშვილმა განმარტა, იცვლება კენჭისყრის ფარულობასთან დაკავშირებული საკითხიც. კერძოდ, კენჭისყრა არ იქნება ფარული, ის ღია იქნება იუსტიციის საბჭოს ყველა წევრისთვის, ასევე აპლიკანტისთვის იმ შემთხვევაში, თუკი ის მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. კერძოდ, აპლიკანტის მიერ ინფორმაციის გამოთხოვიდან არაუგვიანეს მეორე დღისა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ დაუჭირა მას მხარი და რა შეფასება მისცეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა. გასაჩივრების შემთხვევაში, კანდიდატის არჩევის პროცესი პარლამენტში შეჩერდება საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილების გამოტანამდე.

კანონპროექტის თანახმად, უზენაესი სასასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის ყველა ეტაპზე შემოდის გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტი, რომელსაც რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა განწესების პროცედურის მსგავსად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი განახორციელებს. გარდა დასაბუთების სტანდარტისა, ასევე შესაძლებელი იქნება უზენასი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის ნებისმიერ ეტაპზე იუსტიციის უმღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრება. თუმცა, თავად ეს პროცესი განსხვავებით რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა განწესების შემთხვევისა, როდესაც მოსამართლის თანამდებობაზე განწესების შესახებ გადაწყვეტილებას თავად იუსტიციის საბჭო იღებს, უფრო შემჭიდროვებული ვადის ფარგლებში განხორციელდება.

საჩივრის წარდგენის ვადა 2 კვირიდან 1 კვირამდე მცირდება, ხოლო საჩივრის განხილვის ვადა 1 თვიდან 2 კვირამდე. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, გასაჩივრების ვადების ამგვარად განსაზღვრა უზრუნველყოფს კანდიდატების შერჩევის პროცესის დროში ეფექტიანობას, რათა უმართებულოდ არ გაჭიანურდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და საქართველოს პარლამენტისათვის ასარჩევად წარდგენის პროცესი. ამასთან, ცვლილებების თანახმად, კანდიდატთა სია და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის დასაბუთება, ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება და დასაბუთება ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. დასაბუთება უნდა შეიცავდეს ჩატარებული პროცედურის აღწერას და შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა ზოგად დახასიათებას. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია დაწეროს განსხვავებული აზრი, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა სხდომათა დარბაზში ხმაურის ფონზე წარიმართა. დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობა პროცედურების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მათ კენჭისყრამდე რეალურად სრულიად ახალი კანონპროექტი წარმოადგინეს, სადაც 7 ახალი პუნქტია დამატებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა