გიორგი გახარია - დიდი პატივია, დიდი ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში საუბარი მომავალზე, ასევე დიდი პატივია, დღეს, სამტრედიაში, მომავალზე საუბარი კახი კალაძესთან ერთად

დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, დღეს, აქ, დიდი ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში საუბარი მომავალზე. ასევე დიდი პატივია, დღეს, სამტრედიაში, მომავალზე საუბარი კახი კალაძესთან ერთად”,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანის და ხონის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენისას სამტრედიაში განაცხადა.

პრემიერ - მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მიუხედავად პანდემიისა, ქვეყანაში არც ერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერებულა.

მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ სამტრედია გახდეს სატრანსპორტო კვანძის შემდგომი გაძლიერების ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრი საქართველოში.

„წარსული არ უნდა დაგვავიწყდეს და ყოველთვის. უნდა გვახსოვდეს. სამტრედია ყოველთვის იყო გამორჩეული ქალაქი საქართველოში, თავისი სარკინიგზო და სატრანსპორტო კვანძით, სამწუხაროდ, 90-იანი წლების შემდეგ, ეს ფუნქციაც შენელდა და დაიკარგა. ახლა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ფუნქცია სულ უფრო და უფრო აქტუალური გახდეს.

ყველამ კარგად იცით, რომ სახელმწიფო, დიდ, მსხვილ, სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში დიდ ფინანსურ რესურსს ხარჯავს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს ებრძვის და ჩვენც, ყველანი აქ ვსხედვართ და იძულებული ვართ პირბადით ვიყოთ, არც ერთი დღე, არც ერთი სისტემური გზის, ჩქაროსნული გზის მშენებლობა არგაჩერებულა.

ესეც სამტრედიის მომავალია, რომ ქუთაისის შემოვლითი გზა, შემდეგ უკვე სამტრედია-გრიგოლეთის გზა-სულ სხვა ხარისხის სიცოცხლე იქნება აქ. აქაურ ახალგაზრდებს არ დასჭირდებათ, საცხოვრებლად სხვაგან გადავიდნენ. მათ, სახელმწიფოს მხრიდან უნდა მიიღონ საბაზისო სერვისები-განათლება, ჯანდაცვა, სპორტი, კულტურა, ყველაფერი ისეთი როგორც სხვა ქალაქებში. გარდა ამისა, სამტრედიის სატრანსპორტო კვანძის ფუნქციას, ასევე დაემატება აეროპორტი. ქუთაისის აეროპორტს კი ეძახიან, მაგრამ ეს აეროპორტი სამტრედიასთან უფრო ახლოს არის და ამას, თავისი ფუნქცია აქვს.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სამტრედია გახდეს სატრანსპორტო კვანძის შემდგომი გაძლიერების ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრი საქართველოში. ეს ფუნქცია ამ ქალაქს ისტორიულად ჰქონდა და იმის მაგივრად, რომ ჩვენ, რაღაც ახალი მოვიგონოთ, უნდა გავაგრძელოთ ის, რაც ყოველთვის ვიცოდით და რაშიც ყოველთვის ძლიერები ვიყავით,“- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, სახელმწიფო უნდა მიეხმაროს გლეხს, რომ გახდეს ძლიერი ფერმერი და ამ ნაწილში, პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ახალ პროგრამაზე - „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“.

„სამტრედია სოფლის მეურნეობის გარეშე შეუძლებელი და წარმოუდგენელია. ამიტომ, უნდა ვიშრომოთ და მივეხმაროთ ჩვენს გლეხს, რომ გახდეს ძლიერი ფერმერი. მე, სანამ აქ ჩამოვიდოდი, ციფრებში ჩავიხედე და ცოტა გულნაწყენი დავრჩი იმიტომ, რომ სახელმწიფო ძალიან ბევრ პროგრამას სთავაზობს, განსაკუთრებით გლეხებს. სამტრედიაში, რაც ვნახე, 2012 წლიდან სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამებით სულ არის დაახლოებით 16 მლნ ლარი გამოყენებული, არაფერია, ძალიან ცოტაა. ისევე როგორც, „დანერგე მომავლის“ ფარგლებში, სამტრედიაში გაშენებულია ახალი, თანამედროვე ინტენსიური კულტურებიც, სულ რაღაც 60 ჰექტარი, რაც ასევე საერთოდ არაფერია. მარტო სამტრედიაში არ ხდება ეს, სხვაგანაც ასეა.

ამიტომ, ჩვენ გავაკეთეთ ახალი პროგრამა, რომელსაც ჰქვია - „სახელმწიფო- შენი პარტნიორი“, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ქალაქში, მათ შორის სამტრედიაშიც, საზოგადოებრივ ცენტრში ან იუსტიციის სახლში ზუსტად იმავე სერვისებს მიიღებთ, რისთვისაც გიწევდათ თბილისში ჩასვლა.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახალგაზრდობა, რომელიც მზად არის, დაიწყოს თავისი საქმე, გახსნას ბიზნესი, ეს იქნება ტურისტული, სოფლის მეურნეობა, სატრანსპორტო, არ აქვს მნიშვნელობა, სახელმწიფო მიეხმაროს და წაახალისოს.

მინდა იცოდეთ, რომ ყველა ასეთ ადამიანს, ვისაც არ შეეშინდება, ვისაც ცოდნა, ინიციატივა აქვს, სახელმწიფო დაუდგება გვერდით,“-განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა განათლებისა და საპენსიო რეფორმებზე, აგრეთვე, მასწავლებლის, ექიმისა და პოლიციელის პროფესიის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა სახელმწიფო ამ ადამიანებს გვერდით დაუდგეს.

“სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციაა იზრუნოს ბავშვზე- სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესი დაიცვას, საერთოდ არავის ახსოვდა ეს წლების წინ. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ბავშვებს სხვაობა არ ჰქონდეთ, დაიბადებიან ისინი თბილისში, ბათუმში, დიდ ჯიხაიშში თუ კიდევ სხვაგან, მათ ერთნაირი დონის განათლება უნდა მიიღონ და ამისთვის ტარდება განათლების რეფორმა.

ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები არ უნდა იყვნენ დამოკიდებული იმაზე, რომელიმე პოლიტიკური ძალა დაპირდება თუ არ დაპირდება პენსიის გაზრდას. სწორედ, ამიტომ შევცვალეთ ჩვენ ეს საკანონმდებლო დონეზე და დღეს გარანტირებულია პენსიის ყოველწლიურად ზრდა, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად. სახელმწიფოს ფუნდამენტი არის ძლიერი მასწავლებელი, ძლიერი ექიმი, ძლიერი პოლიციელი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ხალხს გვერდით დავუდგეთ, რადგან ეს არის სახელმწიფოს განსახიერება, ეს ის ხალხია ,რომლებიც ზრუნავენ ჩვენს მოქალაქეებზე,“-განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია თითოეულ ადამიანს ქვეყანაში ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები.

“ყოველთვის ადამიანი ხდება ჩვენი ყოველი ნაბიჯის, ყველანაირი პოლიტიკის ცენტრში. რა თქმა უნდა, ჩვენ თანაბარი პირობები უნდა შევქმნათ თითოეული ადამიანისთვის და მივცეთ საშუალება, მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზება- ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

ყველამ კარგად იცით, რომ სამტრედიაში დღეს ძალიან მწვავე პრობლემებია, მაგალითად, როგორიც არის წყალმომარაგება. სამტრედიის წყალმომარაგების და წყალარინების სისტემა არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ეს პროექტი უკვე დაწყებულია და მისახედია, უნდა გავაკეთოთ ისევე, როგორც სარწყავი წყლები.

ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთად. აქ, ყველაზე მთავარი არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ” ზედმიწევნით იცის სად, რომელ სოფელში რა პრობლემაა. ამ პრობლემების გადაწყვეტა უკვე დაწყებულია და ჩვენ ,ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ერთად, უახლოეს პერიოდში ვიამაყოთ ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი, რა თქმა უნდა, განათლებული და ევროპული სახელმწიფოთი”,-განაცხადა პრემიერმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო