მამუკა ტუსკაძე - ნომრების გვიან მონიჭებით უკმაყოფილო ვარ, თუმცა მჯერა, „34“ „სოციალური სამართლიანობისთვის“ წარმატების მომტანი იქნება

ნომერს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, თუმცა დარწმუნებული ვარ,“34" ჩვენთვის წარმატების მომტანი იქნება, - ასე ეხმაურება პოლიტიკური მოძრაობა "სოციალური სამართლიანობის" ლიდერი მამუკა ტუსკაძე ცესკოს მიერ საარჩევნო სუბიექტებისთვის ნომრების მინიჭებას.

როგორც ტუსკაძე აცხადებს, ცესკომ აღნიშნული პროცესი ძალიან დააგვიანა, რითაც პოლიტიკური პარტიები ერთგვარ არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ.

მისივე განმარტებით, საარჩევნო ნომრის მინიჭება არჩევნებამდე 42 დღით ადრე ძალიან დაგვიანებულია.

„უკმაყოფილო ვართ საარჩევნო ნომრების მონიჭების ვადით. ვფიქრობ, რომ ძალიან დაგვიანდა ეს პროცესი. უმჯობესი იქნებოდა, საარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩევლისთვის ჩვენი ნომრის შეთავაზება უფრო ადრე შეგვძლებოდა. პარტიების რეგისტრაციის შემდეგ ცესკოს უკვე შეეძლო მოენიჭებინა ნომრები. 19 სექტემბერს არა პარტიების, არამედ ბლოკების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. შესაბამისად, შეიძლებოდა, რომ ყველა პარტიას, ვინც უკვე დარეგისტრირებული იყო საარჩევნო სუბიექტად ჰქონოდა ნომერი, ხოლო თუკი შემდეგ ვინმე ბლოკში გაერთიანდებოდა, მასში შემავალი პარტიები თავად გადაწყვეტდნენ თავიანთი ნომრებიდან რომელი დაეტოვებინათ უკვე ბლოკის ნომრად. სწორედ ასე მოხდა 2016 წლის არჩევნებზე და მაშინ ცესკომ სპეციალური ნორმატიული აქტის საფუძველზე ბლოკების დარეგისტრირების ვადის ამოწურვამდე მიანიჭა პარტიებს ნომრები. ამის განხორციელება წელსაც შეიძლებოდა და ჩვენ სწორედ ამას ვითხოვდით.

რაც შეეხება თავად ნომერს, რიცხვს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, 34 ჩვენთვის წარმატებული იქნება და შევძლებთ იმ პროგრამა მინიმუმის განხორციელებას, რასაც წლევანდელ არჩევნებზე ვგეგმავთ. კერძოდ, ჩვენი მინიმალური მიზანია საპარლამენტოთა კვალიფიციური პარტია გავხდეთ. ქართულ პოლიტიკაში საკმაოდ გრძელვადიანი და ხანგრძლივი გეგმები გვაქვს და ყოველივე ეს დაგვეხმარება ამ გეგმების შესრულებაში, კერძოდ სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებაში, რათა ყველა მოქალაქემ თანაბარ პირობებში იგრძნოს თავი. ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად ვმუშაობთ ყველა იმ მიმართულებით, რაც საჭიროა საარჩევნო კამპანიის ნორმალურად ჩასატარებლად. ამისთვის გვაქვს მცირე, მაგრამ საკმარისი დაფინანსება. ესაა ადგილობრივი დაფინანსება. ასე რომ საარჩევნო კამპანიაში ახლა მხოლოდ ის შეიცვლება, რომ მას ნომერთან ერთად ჩავატარებთ. გვსურს, მოქალაქეებს სოციალური სამართლიანობა შევთავაზოთ, როგორც იდეოლოგია. ვაპირებთ, ამომრჩევლამდე მივიტანოთ მესიჯები, რომ კომპრომატებით ბრძოლის ეტაპმა გაიარა და რომ აუცილებელია სოციალური სამართლიანობის დამკვიდრება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი კამპანია წარმატებული იქნება და ახალი პოლიტიკური მოძრაობა "სოციალური სამართლიანობისთვის" შეძლებს საზოგადოებას სწორად მიაწოდოს თავის მთავარი სათქმელი, რაც უპირველესად ეკონომიკურ წინსვლასა და განვითარებას უკავშირდება”, - განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.

მამუკა ტუსკაძის კომენტარს პოლიტიკური მოძრაობა "სოციალური სამართლიანობის" პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა