ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის „ქართული ოცნების“ მთავარი კონკურენტი, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ მხოლოდ საზოგადოების კოალიციას ხედავს, ხოლო პარტიულ კოალიციას - არა, კახა კალაძე აცხადებს, რომ ეთანხმება მიხეილ სააკაშვილს, რადგან კოალიციური მთავრობის აუცილებლობა დღეს არ არსებობს.
„მაგაში ვეთანხმები, კოალიციური მთვრობის არც მე არ მჯერა. დღეს ამის აუცილებლობა ნამდვილად არ არის. დღეს პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ არჩევნები დაასრულოს ძალიან მაღალი შედეგით, ისე, რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოს“,- განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძე აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი კონკურენტი „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის.
„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი კონკურენტი, დღეს ქვეყანაში ბევრი პოლიტიკური პარტიაა, ბევრი ადამიანია, ვისაც განსხვავებული შეხედულება აქვს.
ეს პოლიტიკური პლურალიზმი ქვეყნის დემოკრატიიული განვითარებისთვის მხოლოდ და მხოლოდ წინ გადადგმული ნაბიჯია. დანარჩენი ხალხზე არის დამოკიდებული, რამდენი პოლიტიკური პარტია და ვინ შევა მომავალ პარლამენტში“,-განაცხადა კახა კალაძე.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იგი მხოლოდ საზოგადოების კოალიციას ხედავს, ხოლო პარტიულ კოალიციას — არა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.
„მე ვხედავ კოალიციას საზოგადოების, მე საერთოდ არ ვხედავ პარტიულ კოალიციას, მე საერთოდ არ მჯერა პოლიტიკური პარტიების და პარტიუკების. საერთოდ არ მჯერა, ზოგადად, პოლიტიკანობის და პოლიტიკოსობის, ვიწრო გაგებით. მე მჯერა სახელმწიფოებრივი აზროვნების, მე მჯერა ინოვაციების, მე მჯერა ფართო ხედვის და პატრიოტიზმის, მე მჯერა ფართო საზოგადოებრივი ძალების გაერთიანების", - განაცხადა სააკაშვილმა.