გია ხუხაშვილი - ოპოზიცია ხიდების ჩატეხვის ზღვარზე გადის, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ უმწიფარი პოლიტიკური ელიტა გვყავს

ოპოზიცია ხიდების ჩატეხვის ზღვარზე გადის, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს უმწიფარი პოლიტიკური ელიტა, - ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორ ხუხაშვილმა წინასაარჩევნო პროცესის შეფასებისას აღნიშნა, ოპოზიცია ამომრჩეველს უბრუნებს განცდას, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკაში არის მხოლოდ ორი ძალა - სააკაშვილი და ივანიშვილი და მხოლოდ მათ შორის შეიძლება არჩევანის გაკეთება.

„როდესაც ძირითადი პოლემიკა მიმდინარეობს ოპოზიციურ პარტიებს შორის, ეს ხელისუფლებას უქმნის კომფორტს იმისას, რომ ერთის მხრივ მშვიდ ვითარებაში აწარმოოს საარჩევნო კამპანია და მეორე მხრივ, ხელი გაიშვიროს და თქვას - „კი ბატონო, მე არ მოგწონვარ, მაგრამ ესენი ვინ არიან“. ამ გზავნილით მართოს პროცესი. თითქოს პოლიტიკური ლოგიკით გასაგებია რატომ მიდის ეს პროცესი. გარდა იმისა, რომ ოპოზიცია ოპონირებს ხელისუფლებასთან, მათ აქვთ შიდა კონკურენციის მომენტები და შიდა კონკურენცია უბიძგებს მათ გარკვეული კრიტიკისკენ. ზოგჯერ აქ ხდება გადამლაშება და ხიდების ჩატეხვის ზღვარზე გადის ყველაფერი, რაც კიდე ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს უმწიფარი პოლიტიკური ელიტა. იმის მიუხედავად, რომ მათ ხანგრძლივი პოლიტიკური ბიოგრაფია აქვთ, თითქოს ვერაფერს სწავლობენ.

იგივე სააკაშვილის განცხადებებზე მათი ისტერიული რეაგირება ძალიან სასაცილოა და უკუშედეგს იწვევს. თუ მათი ამოცანაა, რომ სააკაშვილის ყველა გამონათქვამის ინტერპრეტირებით და დისტრიბუციით უზრუნველყონ ორპოლუსიანობის დამარცხება, სინამდვილეში ამით ისინი იღებენ საპირისპირო შედეგს, ხელს უწყობენ ორპოლუსიანობის ინიცირებას. სისტემური შეტევა, სისტემური განხილვა სააკაშვილის გამონათქვამების ამომრჩეველს უბრუნებს განცდას, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკაში არის მხოლოდ ორი ძალის ცენტრი - სააკაშვილი და ივანიშვილი და მხოლოდ მათ შორის შეიძლება არჩევანის გაკეთება. სხვა ყველა არის არა პოლიტიკური პროცესის მონაწილეები, არამედ პოლიტიკური პროცესის კომენტატორები“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ამასთან, ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილით ხელისუფლება ხალხს ვეღარ შეაშინებს, რადგან ეს არის ყავლგასული, ძალადაკარგული პოლიტტექნოლოგია, რომლის რეალური ეფექტი მიზერულია.

„სააკაშვილი ამ პროცესის პროვოცირებას ადენს და არაფერს აგებს, პირიქით, იგებს. საბოლოო ჯამში ნეგატივიც კი პოლიტიკური პროცესის ფინალურ ეტაპზე შეუძლია მის სასარგებლოდ ამუშაოს. ფაქტობრივად ძალის ცენტრად წარმოაჩენენ. ამ შეტევებით ოპოზიცია ამდიდრებს სააკაშვილს და ივანიშვილს და კარგავს თვითონ. ეს არის სისუსტის გამოვლინება. თუ ოპოზიციის ამოცანაა ორპოლუსიანობის პრევენცია, რომ ორპოლუსიანი არ დარჩეს პოლიტიკური პროცესი, მათი ტაქტიკა იმის საწინააღმდეგო უნდა იყოს, რასაც ისინი აკეთებენ. „მგელი მოდის“ პოლიტტექნოლოგია, რითაც ხელისუფლება წინა არჩევნებზე შედეგს იღებდა, ახლა აღარ იმუშავებს. სააკაშვილით ხელისუფლება ხალხს ვეღარ შეაშინებს, ეს არის ყავლგასული, ძალადაკარგული პოლიტტექნოლოგია, რომლის რეალური ეფექტი მიზერულია“, - განაცხადა ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს