გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის ახალი გზის მშენებლობა იწყება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის ახალი გზის მშენებლობა იწყება, პროექტი კი სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან 4 წელიწადში დასრულდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, პროექტი მოიცავს 23 კმ სიგრძის, 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობასა და 1 ხიდის რეაბილიტაციას, ასევე, საცალფეხო გადასასვლელების, საფეხმავლო ბილიკების, ქვეითთა/პირუტყვთა გადასასვლელებსა და სხვ.

მათივე ცნობით, პროექტის საერთო ღირებულება 1.240 მილიარდი ლარია. სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს. სამშენებლო პროცესის მონიტორინგს კი ახორციელებს საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია UBM INTERNATIONAL UNITED CONSULTANTS INC.

როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, მშენებლობისას გამოყენებული იქნება უნიკალური, მაღალტექნოლოგიური მეთოდები. ერთ-ერთი ასეთი მეთოდი 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის მქონე გვირაბის მშენებლობისთვის გამოიყენება. ქარსელაძე განმარტავს, რომ ამ გვირაბის გასაყვანად ჩინეთიდან საქართველოში სპეციალურად დამზადებული გვირაბგამყვანი მანქანა, ე.წ. თიბიემი ჩამოვა.

„კარგია ის, რომ მიუხედავად ეპიდვითარებისა, ე.წ. თიბიემი დროზე ადრე ჩამოვა. შესაბამისად, პროექტს დროულად განვახორციელებთ. ყველაზე ხანგრძლივი სწორედ ამ 9 კმ-იანი სიგრძისა და 15 მეტრიანი დიამეტრის მქონე გვირაბის მშენებლობაა. ეს არის ყველაზე თანამედროვე, დახვეწილი და მინიმალური ზეგავლენის მქონე მეთოდი. ეს არის აპრობირებული საერთაშორისო პრაქტიკა და, შესაბამისად მეთოდი, დახვეწილია. არსებობს ამ მეთოდის გამოყენების მრავალი წარმატებული მაგალითი,“ - აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.

მისივე განმარტებით, უშუალოდ სამუშაოების დაწყებიდან 3 წლის შემდეგ დასრულდება მისასვლელი გზის მშენებლობა. რაც შეეხება უნიკალურ გვირაბს, რომელიც ქვეშეთი-კობის გზის პროექტის განუყოფელი ნაწილია, სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან 4 წლის თავზე იქნება მზად. საბოლოოდ, ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტი სამუშაოების დაწყებიდან სრულად 4 წელიწადში ჩაბარდება.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით