ვახტანგ ძაბირაძე - თუ 2012 წელს ივანიშვილი ცდილობდა, რომ შუა გაეკაფა, ახლა ამას „ნაცმოძრაობაც“ ცდილობს - მას ურჩევნია, ამომრჩეველი დააყენოს ალტერნატივის წინაშე - ან მე, ან ივანიშვილი

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, დღეს ოპოზიციურ სპექტრში არსებული დაძაბულობა ბუნებრივია, თუმცა მისი თქმით, პროცესებს ამწვავებს ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი პროცესის რადიკალიზაციას ახდენენ. ამასთანავე, ძაბირაძის განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ესმის რა, რომ მმართველი პარტიის ამომრჩევლის გადაბირებას ვერ შეძლებს, იმ პარტიებზე ახორციელებს შეტევას, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყვნენ და ამგვარად ცდილობს მისგან წასული ამომრჩევლის უკან დაბრუნებას.

„როდესაც ხდება ერთიანი სიის ან ბლოკის გაკეთება, ასეთი დამოკიდებულება ოპოზიციაში თითქმის ბუნებრივია იმიტომ, რომ ოპოზიცია ებრძვის არა მარტო ხელისუფლებას, არამედ მისი კონკურენტია დანარჩენი პოლიტიკური პარტიებიც. ასე რომ, ის, რაც დღეს ოპოზიციაში ხდება, სიმძაფრის ხარისხი შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგრამ მოულოდნელი, რა თქმა უნდა, არ არის. ამ ვითარებას ამწვავებს მეორე გარემოება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი, ფაქტობრივად, რადიკალიზაციას ახდენენ ამ პროცესის და ესეც ბუნებრივია მათი მხრიდან, იმიტომ, რომ კონკურენტები არიან. ერთი თემა კიდევ შემოდის და ის უკავშირდება არამარტო „ევროპულ საქართველოს“, არამედ გიორგი ვაშაძეს და ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც თავის დროზე იყვნენ „ნაციონალების“ შემადგენლობაში და შემდეგ გამოეყვნენ და ჩამოყალიბდნენ ცალკე პოლიტიკურ პარტიებად. რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ პირდაპირ თუ ირიბად მათზე აქვს შეტევა. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც იმედი არ აქვს, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასულ ამომრჩეველს გადაიბირებს, უფრო მეტ აქცენტირებას აკეთებს იმ ამომრჩეველზე, რომელიც მისი ამომრჩეველი იყო თუნდაც 2016 წელს, ანუ მანამდე, სანამ „ევროპული საქართველო“ და ვაშაძე მათ ნაწილს წაიყვანდა. ასე რომ, ეს ტენდენცია გამართლებულია მათი მხრიდან, პრაგმატული პოზიციაა“,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ამასთანავე, პოლიტოლოგის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ლიდერის პოზიციის შენარჩუნება სურს და მისი პოლიტიკური სვლები გათვლილი არა იმდენად 31ოქტომბრის არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოსვლაზე, არამედ ისინი 2024 წლის არჩევნებისთვის ემზადებიან.

„მათი და ივანიშვილის მიზნების თანხვედრა ხდება, იმიტომ, რომ არც ერთ მათგანს, რა თქმა უნდა, შუას არსებობა არ აწყობს და თუ 2012 წელს ივანიშვილი ცდილობდა, რომ შუა გაეკაფა, ახლა „ნაციონალური მოძრაობაც“ ცდილობს, რომ შუა გაკაფოს. მას ურჩევნია, ამომრჩეველი დააყენოს ალტერნატივის წინაშე - ან მე, ან ივანიშვილი. ეს თემა შემოდის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან.

ამ არჩევნებზე ეს ვერ მოხერხდება, იმიტომ, რომ ბარიერია დაბალი, მაგრამ თამაში მიდის არა მარტო ამ არჩევნებზე, არამედ 2024 წლის არჩევნებზე, როდესაც 5%-იანი ბარიერია. დღეს რომ იყოს 5%-იანი ბარიერი, საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდება პარტიათა ის ნაწილი, რომელსაც 5%-ზე ნაკლები აქვს რეიტინგი. ამიტომ დღეს, რა თქმა უნდა, „ნაციონალების“ ინტერესშია, რომ ეს შუა გაიკაფოს და იგივე არის „ქართული ოცნების“ ინტერესში. „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ მისგან წასული ამომრჩეველი „ნაციონალურ მოძრაობისკენ“ არ წავა, მაგრამ თავისკენ რომ მიაბრუნოს, ერთადერთი ვარიანტია, რომ შუა არ იყოს. მესმის პროტესტი იმ პარტიების, რომლებსაც საფრთხეს უქმნის „ნაციონალური მოძრაობა“, რომ ელექტორატი თავისკენ არ გადაქაჩოს და მთლად მშრალზე არ დატოვოს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობაც“ რატომ შეიწუხებს თავს სხვა პოლიტიკურ ჯგუფებსა და გაერთიანებებზე. დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან თამაში მიდის არა იმაზე, რომ ამ არჩევნების შედეგად მოვიდნენ ძალაუფლებაში, არამედ მოემზადონ 2024 წლისთვის ან მანამდე ვადამდელი არჩევნებისთვის,“- განაცხადა ძაბირაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო