ვასო ურუშაძე - პოლიტიზირებული კერძო სექტორი ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებას ცდილობს, რაც დაუშვებელია

პოლიტიზირებული კერძო სექტორი ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებას ცდილობს, რაც დაუშვებელია, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის თავმჯდომარემ ვასო ურუშაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პლატფორმის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, გაირკვა, რომ ბიზნეს კომპანიები, რომლებიც სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ აკეთებენ შემოწირულობებს, თანამშრომლებს აიძულებენ და ავალდებულებენ, მხარი დაუჭირონ „ქართულ ოცნებას“.

„ინფორმაცია ამის შესახებ გადაეგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტს. მოვუწოდებთ ყველა შესაბამის ორგანიზაციას, კვლევაში მითითებული კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ამომრჩევლის ნებაზე ახდენენ გავლენას, შეიყვანონ შავ სიაში და არ მისცენ ფინანსური ტრანზაქციების განხორციელების და აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებში თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობა“, - განაცხადა ურუშაძემ.

დღესვე, ბრიფინგზე, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თენგო თევზაძემ განაცხადა, რომ ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის ხელის შეშლა დანაშაულია.

„არ შეიძლება, ვინმემ შეზღუდოს ან ხელი შეუშალოს ამომრჩეველს თავისი ნების გამოხატვაში, ვინაიდან არავის აქვს უფლება, ამომრჩეველი აიძულოს და დაავალდებულოს, რომელიმე კანდიდატს ან პოლიტიკურ პარტიას დაუჭიროს მხარი, აუკრძალოს არჩევნებზე მისვლა და თავისი ნების გამოხატვა. ამომრჩეველი თავად წყვეტს, მივიდეს თუ არა არჩევნებზე, ვის სასარგებლოდ გააკეთოს არჩევანი და საერთოდ, ენდოს თუ არა მოცემულ მომენტში წარმოდგენილ ასარჩევ კანდიდატებს“, - განაცხადა თევზაძემ.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის ინფორმაციით, მათ პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ გაკეთებული შემოწირულობების შესახებ კვლევა გამოაქვეყნეს, საიდანაც ირკვევა, რომ 2020 წლის 1 სექტემბრამდე გაკეთებული პოლიტიკური შემოწირულობების თითქმის 55% მმართველ პარტიაზე მოდის. ამ პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს მიღებული აქვთ 10 855 638.93 ლარის შემოწირულობა, საიდანაც 5 924 396.5 ლარის ოდენობის შემოწირულობა (54,6%) სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოზე“ მოდის. მათივე ინფორმაციით, სულ შემოწირულობა მიღებული აქვს 24 პოლიტიკურ პარტიას, თუმცა შემოწირულობების მხოლოდ 30% მოდის 22 პარტიაზე. „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის განმარტებით, დისპროპორციულადაა გადანაწილებული შემოწირულობების ოდენობა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის. შემოწირულობების მხოლოდ 2,7% მოდის იურიდიულ პირებზე, შემოწირულობების 97.3% კი განხორციელებულია ფიზიკური პირების მიერ.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის განმარტებით, მათმა კვლევამ გამოავლინა იურიდიული პირები, რომლებთან დაკავშირებული ფიზიკური პირები შემოწირულობებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” სასარგებლოდ აკეთებენ. კერძოდ, მმართველი პარტიის სასარგებლოდ შემოწირულობები აქვთ გაკეთებული კომპანია RMG GOLD-თან, კომპანია “PACE GEORGIA"-სთან, კომპანია „პოლიმერთან“, კომპანია „ბომბორა და ბავშვებთან“ დაკავშირებულ 25 ფიზიკურ პირს. კვლევის საფუძველზე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა მოითხოვა, აუდიტის სამსახურმა დეტალურად შეისწავლოს ანგარიშში მითითებული კომპანიების პროექტები, რომელიც უკავშირდება მოცემული კომპანიების საქმიანობას სახელმწიფო ტენდერებსა და კონტრაქტებს.

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებულია როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და მიმდინარე საარჩევნო პროცესს აკვირდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო