საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი შვეიცარიის კონფედერაციის ელჩს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში პატრიკ ფრანცენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრას, რომელზეც მხარეებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის მდგრადი განვითარების აკრედიტებული პროგრამების განვითარების პერსპექტივები და საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი სრულყოფის შესაძლებლობები განიხილეს, ესწრებოდნენ სტუ-ის ვიცე-რექტორი ლევან კლიმიაშვილი, კანცლერი კარლო კოპალიანი, სენატის სპიკერი ჯემალ გახოკიძე, სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დევი ხვედელიანი, რექტორის მრჩეველი თამარ ლომინაძე და უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ რექტორმა დავით გურგენიძემ შვეიცარიის კონფედერაციის ელჩს მთის მდგრადი განვითარების აკრედიტებული საბაკალავრო პროგრამები გააცნო: მთის რეგიონის ორგანული თემების სისტემის მართვა; მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარება; ბუნებრივი საფრთხეები, მდგრადი გარემო და დაცვა; მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი. რექტორმა აღნიშნა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი მზად არის მასტერკლასების, სემინარებისა და ტრენინგების ჩასატარებლად შვეიცარიის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან მთის პრობლემატიკაზე მომუშავე მეცნიერები მოიწვიოს.

რექტორის განცხადებით, მთის მდგრად განვითარებას საქართველოს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განიხილავს და აღნიშნულის გათვალისწინებით, უაღრესად მნიშვნელოვანია ფაკულტეტის, რომელიც უნივერსიტეტში უახლოეს პერიოდში შეიქმნება, უზრუნველყოფა ევროპული სტანდარტების საგანმნათლებლო პროგრამებით, მაღალი კვალიფიკაციის მქონე აკადემიური პერსონალითა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია შვეიცარიის მთიანი რეგიონების მოწყობის თანამედროვე მოდელებისა და პრინციპების გაცნობა, შვეიცარიის უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამებში მათი ასახვის შესაძლებლობების გაზიარება და ამ სპეციფიკის გათვალისწინება ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების საბაკალავრო პროგრამებში. შვეიცარიის უნივერსიტეტებში შეიძლება კვლევების ჩატარება. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ, ონლაინ რეჟიმში უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ჩვენი კოლეგების შეხვედრა-სემინარი მოვაწყოთ. ეს იქნება ორივე მხარისთვის სასარგებლო ნაბიჯი“, - განაცხადა დავით გურგენძემ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პატრიკ ფრანცენმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივა დადებითად შეაფასა და სამომავლო გეგმების დასახვისა და განხორციელებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

„ჩვენ, შვეიცარიელები და ქართველები მთიანი ქვეყნების ხალხი ვართ, გვაქვს ულამაზესი ბუნება, მსგავსი მენტალობა და რაც მთავარია, გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობის დიდი პოტენციალი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სამომავლოდ თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას ვხედავ, რომელთაგან უმთავრესი კვლევებში თანამშრომლობაა, ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტების სწავლის დაფინანსება. ტურიზმის მიმართულების სტუდენტებს შეუძლიათ ისწავლონ საქართველოში, თქვენს უნივერსიტეტში და შვეიცარიაშიც და მიიღონ ორმაგი კვალიფიკაცია. ჩვენ შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ სერტიფიცირებული პროგრამები. ვფიქრობ, გვაქვს შესაძლებლობა უნივერსიტეტში ბევრი ნოუ-ჰაუ შემოვიტანოთ“, - განაცხადა პატრიკ ფრანცენმა.

გარდა ამისა, მათივე ცნობით, შეხვედრის დასასრულ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შეთანხმდნენ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და შვეიცარიის წამყვან - ჟენევის, ლუცერნის და ბერნის უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობას ხელს ელჩი შეუწყობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა