სერგო ჩიხლაძე - ევროპული სახელმწიფოები სათანადო ზომებს მიმართავენ, საკუთარ მოქალაქეებს რეკომენდაციებსაც აძლევენ და აფრთხილებენ, რომ საქართველოში შესვლა საშიშია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილ კოვიდ მდგომარეობაზე ჯანდაცვის სისტემა შესაბამის რეაგირებას ვერ უზრუნველყოფს.

სერგო ჩიხლაძე დასძენს, რომ კორონავირუსით დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის გაზრდაზე ევროპული სახელმწიფოები სათანადო ზომებს მიმართავენ და საკუთარ მოქალაქეებს შესაბამის რეკომენდაციებსაც აძლევენ, მათ შორის, აფრთხილებენ, რომ საქართველოში შესვლა უკვე საშიშია.

ჩიხლაძის თქმით, ამ მიმართულებით და კრიზისის დასაძლევად საჭირო ზომების მიღებისთვის ხელისუფლება უმოქმედოდაა, „უფრო მეტიც, ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის მზაობაც არ იგრძნობა“.

„კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები სამწუხაროდ, იზრდება და დღევანდელი მაჩვენებლით მათი რაოდენობა უკვე 200 გადასცდა. ხაზგასასმელი და საყურადღებოა, არამარტო გაზრდილი ციფრები, არამედ ჯანდაცვის სისტემის მზაობა და რეაგირება გაზრდილ შემთხვევებზე. სწორედ, ამ ორი ციფრის მონაცემებით ხდება დადგენა, თუ რამდენად საშიშია აღნიშნულ ქვეყანაში შესვლა.

სამწუხაროდ, ციფრები იზრდება, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კი, კვლავინდებურად შექმნილი კრიზისის დასაძლევად მზად არ არის. ჩვენ ვხედავთ იმ ქაოსს, რაც ხდება საკარანტინო სივრცეში, კლინიკებსა და პირველადი ჯანდაცვის რგოლში,” - აცხადებს ჩიხლაძე.

სერგო ჩიხლაძე ტესტირებასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც საუბრობს. მისივე თქმით, დღეები სჭირდება ტესტირების პასუხის დადგენას და პასუხები ხშირად არეულია.

„ტესტირების პასუხები არეულია, დადებითიანთან უარყოფითი პასუხის მიდის და პირიქით, უარყოფითიანთან დადებითი. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის გაზრდაზე უკვე რეაგირებენ ევროპული სახელმწიფოები და რეკომენდაციებს აძლევენ საკუთარ მოქალაქეებს, იმის შესახებაც, რომ საქართველოში შემოსვლა საშიშია, რაც სამწუხაროა.

სამწუხაროა, რომ ვერ გამოვიყენეთ „მწვანე ქვეყნის“ სტატუსი და ის თვეები, როდესაც ჩვენ მართლა შეიძლებოდა გვესარგებლა მიმოსვლის აღდგენით, საზღვრების გახსნით და ნაკლები ზიანი მიგვეღო ეკონომიკურად, ვერ გამოვიყენეთ,”- განაცხადა ჩიხლაძემ.

სერგო ჩიხლაძეს მაგალითისთვის გაზაფხულზე შექმნილი მდგომარეობა მოჰყავს, როდესაც კორონავირუსის შემთხვევები გაცილებით დაბალი იყო და საქართველო 40 უსაფრთხო ქვეყნის სიაში ვერ მოხვდა.

„შეგახსენებთ, რომ დაბალი ციფრების პირობებშიც, მაგალითისთვის მარტი-აპრილის პერიოდი რომ გავიხსენოთ, როდესაც ქვეყანაში ერთეული შემთხვევები გვქონდა, მაშინაც კი ვერ მოხვდა საქართველო 40 უსაფრთხო ქვეყნის რიცხვში, მაშინ როდესაც ბევრად უფრო დაზარალებული ქვეყნები მოხვდნენ ამ სიაში.

ამის მიზეზი იყო ის, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა არ იყო მზად. მიუხედავად იმისა, რომ ერთეული შემთხვევების პროგნოზირება კეთდებოდა, მათი მხრიდან ეფექტური რეაგირება არ იგრძნობოდა.

დაბალი რიცხვების შემთხვევაში, ევროპელი პარტნიორები და კვლევითი ორგანიზაციები თვლიდნენ, რომ საქართველო არ იყო მზად ინფექციის გაზრდილი შემთხვევებისთვის და შედარებით მძიმე სცენარისთვის. ამიტომ არ შევიდა იმ პერიოდშიც კი, საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში, რადგან ოდნავი მატებაც კი გამოიწვევდა სრულ ქაოსს და ამისთვის მოუმზადებელი იყო სისტემა, რაც სამწუხაროდ, უკვე რამდენიმე თვის შემდეგ პრაქტიკულად დავინახეთ.

სამწუხაროდ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ არცერთი სამოქმედო გეგმა, რომელიც ჩვენ ალტერნატივის სახით შევთავაზეთ სახელმწიფოს, არ იქნა განხილული მთავრობის მიერ, “ - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა