დავით კირკიტაძე არ ადასტურებს, რომ „ევროპულ საქართველოს“ პრემიერად სააკაშვილის მხარდაჭერის სანაცვლოდ, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე დავით ბაქრაძის არჩევა შესთავაზეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი დავით კირკიტაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ევროპულ საქართველოს“ საარჩევნოდ ერთიანი სიის ფორმირება შესთავაზა, ხოლო, მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე მხარდაჭერის სანაცვლოდ, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ბაქრაძის არჩევაზე შეთანხმდებოდნენ.

როგორც დავით კირკიტაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამ დათქმით საუბარი არ ყოფილა, მაგრამ ისაუბრეს ერთიან ბლოკზე და იმაზე, რომ ემოქმედათ ისე, როგორც ეს 2020 წლის საარჩევნო ვითარებას წაადგებოდა. როგორც კირკიტაძე აცხადებს, შეთანხმება ვერ შედგა.

„ჩვენ საჯაროდ შევთავაზეთ ყველა ოპოზიციურ პარტიას საერთო სია და საერთო მაჟორიტარი გვყოლოდა, განცხადება ამის შესახებ საჯაროდ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან გაკეთდა. შემდეგ უკვე, ინდივიდუალურად გვქონდა მოლაპარაკებები, შეთავაზება „ევროპულ საქართველოსთან“, იმის შესახებ, რომ ერთიანი ბლოკით გამოვსულიყავით. მათ იცოდნენ, რომ ჩვენ ვაპირებდით დიდი ბლოკის გაკეთებას, სადაც შემოვიდოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები, აქტორები, „რესპუბლიკური პარტია“ და მათ შორის, სურვილი იყო, რომ ისინიც ყოფილიყვნენ ამ გაერთიანებაში. აქ, თანადებობზე საუბარი ნადვილად არ ყოფილა, თუმცა საუბარი იყო სიებში ადგილების რაოდენობაზე და მაჟორიტარული ოლქების გადანაწილებაზე“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" "ევროპულ საქართველოს" არჩევნებზე ერთიანი სიის ფორმირება შესთავაზა. ასევე, არსებული ცნობით, მოლაპარაკებების დროს საუბარი იყო თანამდებობის გადანაწილებაზე, კერძოდ, პრემიერის პოსტზე მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეღო, "ნაციონალური მოძრაობა" კი თავის მხრივ "ევროპული საქართველოს" ლიდერ დავით ბაქრაძეს მხარს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე დაუჭერდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა