მიხეილ სააკაშვილი - „ევროპულ საქართველოსთან“ ჩვენი შეთავაზება იყო, რომ თანაბრად დაგვეკომპლექტებინა სია, პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი წაეღოთ მათ და პრემიერობაზე ცალკე მომხდარიყო შეთანხმება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ევროპულ საქართველოს“ პარიტეტულ საწყისებზე თანაბრად დაკომპლექტებული სიის ჩამოყალიბება შესთავაზა, თუმცა, უარი მიიღო. ამის შესახებ სააკაშვილმა ტვ „პირველის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ის თავს გარდამავალი მთავრობის ხელმძღვანელის როლში ხედავს.

"მე ყოველთვის ვიყავი და ვრჩები ერთიანობის მომხრედ. თავიდან ჩემი შეთავაზება იყო ყველა ოპოზიციურ ჯგუფს გაეკეთებინა ერთიანი სია და აერჩია ერთიანი პრემიერობის კანდიდატი. რა თქმა უნდა, ეს არ ვიქნებოდი მე. ბევრმა ჯგუფმა ეს უარყო და არ გამოვიდა. მეორე იყო ჩვენი შეთავაზება „ევროპულ საქართველოსთან“, რომ პარიტეტულ საწყისებზე თანაბრად დაგვეკომპლექტებინა სია, პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი წაეღოთ მათ და პრემიერობაზე მომხდარიყო ცალკე შეთანხმება და იქაც, რა თქმა უნდა, არ განიხილებოდა ჩემი კანდიდატურა. ესეც რაღაც მიზეზების გამო მათ მიერ იქნა უარყოფილი.

ახლა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანის მონაწილეობით შექმნა თავისი სია და დამასახელა მე პრემიერობის კანდიდატად. დარწმუნებული ვარ, ამ გაერთიანებას აქვს სრული პოტენციალი აიღოს უმრავლესობა საქართველოს მომავალ პარლამენტში და შემდეგ ფართო წარმომადგენლობით, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე ქვეყნის გარედანაც დააკომპლექტოს საქართველოს ახალი ხელისუფლება, რომელიც დაეფუძნება პრინციპს, რომ ყოველგვარი ძველი წყენა გადაიდოს გვერდზე, რევანშზე საერთოდ არავინ უნდა იფიქროს, უნდა ვიფიქროთ ქვეყნის აღმშენებლობაზე, წინსვლაზე და განვითარებაზე. დარწმუნებული ვარ, ეს ასე მოხდება.

სრულიად ახალი ხალხი უნდა მოვიდეს ქართულ პოლიტიკაში. ჩემ როლს ვხედავ როგორც გარდამავალი მთავრობის ხელმძღვანელს. უნდა ამოვიყვანოთ ქვეყანა ჭაობიდან, დავასტაბილუროთ, ჩამოვაყალიბოთ თამაშის ახალი წესები და გადავცეთ ხელისუფლება მთლიანად ქართველი მოღვაწეების ახალ თაობას. ჩვენ უნდა გვიხაროდეს მხოლოდ ერთი - ჩვენი ქვეყნის წარმატება, არა ის, სად იქნება ჩვენი ადგილი, არამედ, სად იქნება ჩვენი ქვეყანა და ეს ასეც გამოვა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ევროპულ საქართველოს“ მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე მხარდაჭერის სანაცვლოდ, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ბაქრაძის არჩევა შესთავაზა, “ტყუილს“ უწოდებს. როგორც ბაქრაძე აცხადებს, „არანაირი საუბარი თანამდებობების შემოთავაზებაზე არც ყოფილა და არც მივიღებდით, ვინაიდან ჩვენი ამოცანაა არა თანამდებობების და სკამების განაწილება, არამედ გარდამტეხი ცვლილებების მოტანა 4 მილიონი ქართველისთვის“.

მისივე თქმით, მთავარი პრობლემა არის ის, რატომ არ ჰყავს ოპოზიციას ერთიანი მაჟორიტარობის კანდიდატები და არა „რაღაც მითიური მოლაპარაკებები სიებზე და სკამებზე“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს