გიორგი ქობულია პოლიტიკაში დაბრუნებაზე - ეს ჩემი საქმიანობის ძირითად გეგმად რჩება, მაგრამ საჭიროა, იყოს სწორი პირობები და მომენტი

დიდ ცვლილებებს არ ველოდები ამ არჩევნებში და ვფიქრობ, ისევ და ისევ ალბათ „ქართული ოცნება“ დარჩება, როგორც ძირითადი ძალა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

როგორც ქობულიამ აღნიშნა, ამ ეტაპზე მმართველ პარტიაზე უკეთესი პოლიტიკური ძალა არ არსებობს.

„მე „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრი ვიყავი და რაც წამოვედი, მას შემდეგ, საკმაოდ ხმამაღლა ვაკრიტიკებდი „ქართულ ოცნებას“ და დღესაც ვრჩები „ქართული ოცნების“ გარკვეული პრინციპების გამკრიტიკებლად, მაგრამ იმისთვის, რომ რაღაც უკეთესს მივაღწიოთ, გვჭირდება უკეთესი პოლიტიკური ძალა და მე ამ უკეთესს პოლიტიკურ ძალას დღეს, ვერ ვხედავ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. დიდი სურვილი მექნებოდა, იყოს ალტერნატიული ძალა, რომელიც უკეთესობისკენ წაიყვანდა ქვეყანას, მაგრამ მგონია, რომ ასეთი ძალა არ არის. ჩემი აზრით, ისევ „ქართული ოცნება“ დარჩება მმართველი ძალა. ეს ნიშნავს იმას, რომ დიდი უკეთესობა არ იქნება, იქნება ეტაპობრივი ტენდენციური განვითარება, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს სჯობს, ვიდრე უკუსვლა. მე რასაც ვუსმენ, უმეტეს პოლიტიკურ ძალებს, პრაქტიკულად ყველას, მათი განცხადებები რეალობას არის მოკლებული”, - განაცხადა ქობულიამ.

რაც შეეხება მის პოლიტიკაში დაბრუნებას, როგორც ქობულიამ განმარტა, ის პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს, თუმცა ამისთვის საჭიროა სწორი დრო და მომენტი.

„მე შევეცადე ჩემი გუნდი შემექმნა ცალკე, მაგრამ ეს ვერ განხორციელდა და დღესდღეობით ჩემს თავს ვერც ერთი ოპოზიციური გუნდის წევრად ვერ ვხედავ. შევეცადე, მიმეღო მონაწილეობა პოლიტიკაში, მაგრამ ვერ დავინახე საკმარისი პირობები, რომ ჩემს ძალისხმევას კონკრეტული შედეგი მოეტანა. ამჯერად, ვარჩიე, რომ თავი შემეკავებინა, თუმცა ეს რჩება ერთ-ერთ ჩემს ძირითადად გეგმად. მეტიც, მე ვიტყოდი, რომ ჩემი შემდგომი საქმიანობის ძირითად გეგმად რჩება, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ იყოს სწორი პირობები და სწორი მომენტი, სწორი გუნდის შერჩევა და ამ გუნდის ნაწილად ყოფნა, ამ გუნდთან ერთად საქმიანობა. ჩვენ გადავედით პოლიტიკური საქმიანობის არაკონსტრუქციულ და დესტრუქციულ გარემოში. არ მგონია, რომ სიკეთეს მოგვიტანს ის პროცესები, რაც ახლა ხდება. მიმაჩნია, რომ ჩემი ტიპის პოლიტიკოსისთვის საჭიროა, ალბათ, უფრო დალაგებული პირობები”, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა