POWERCHINA/Sinohydro - ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის, იგივე ხაშურის შემოვლითი გზის პროექტი კომპანის მიერ საქართველოში განხორციელებული ერთ-ერთი წარმატებული პროექტია

პანდემიის მიუხედავად, აგვისტოს ბოლოს ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის, იგივე ხაშურის შემოვლითი გზა გაიხსნა. მგზავრებს ამ გზით გადაადგილება 22 აგვისტოდან შეუძლიათ. გზის სამშენებლო სამუშაოები კომპანია POWERCHINA/Sinohydro-მ (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) აწარმოა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია ფაუერჩაინა/სინოჰიდროდან აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციით, მსოფლიოში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ პროექტის ჩაბარების ვადა შემოდგომამდე გადაწია, თუმცა კომპანიამ მაინც მოახერხა და გზის მშენებლობა დათქმულ დროზე ადრე დაასრულა. შედეგად, მაგისტრალზე მოძრავი მგზავრებისათვის გადაადგილება ბევრად კომფორტული გახდა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ხაშურის შემოვლითი გზით მნიშვნელოვნად განიტვირთა საცობებისგან თავად ქალაქი ხაშური. ტრანზიტული მოძრაობა სრულად გადავიდა ახალ გზაზე. ასევე, შემოვლითი გზის გამოყენების შედეგად, მგზავრობის დრო 40-50%-ით შემცირდა. გაიზარდა გზის გამტარუნარიანობა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ პროექტის განხორციელების შედეგად, შემცირდა გადაზიდვების ხარჯები და გაიზრდება სატრანზიტო მიმოსვლა.

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის, იგივე ხაშურის შემოვლითი გზის პროექტი კომპანია POWERCHINA/Sinohydro-ს მიერ საქართველოში განხორციელებული ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. აღსანიშნავია ისიც, რომ სამშენებლო სამუშაოებზე 400 ადგილობრივი იყო დასაქმებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს