დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყება საქართველოში კომუნიკაციების სექტორში გამკაცრებული რეგულაციების შედეგებს აკვირდება

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში კომუნიკაციების სექტორში გამკაცრებული რეგულაციების შედეგებს აკვირდება, - ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა, ვენდი მორტონმა გააკეთა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით კითხვით დეპუტატმა ალინ სმიტმა მიმართა. სმიტის კითხვა საქართველოში კომუნიკაციების სფეროში დაჩქარებული წესით განხორციელებულ ცვლილებებს და ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების შენარჩუნებაზე მათ გავლენას შეეხებოდა.

„თბილისში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მეშვეობით ჩვენ თვალს ვადევნებთ საქართველოს პარლამენტის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ახლახანს გამკაცრებული რეგულაციების შედეგებს, რომლებიც კომუნიკაციების სფეროში საქართველოს რეგულატორს მედიისა და სატელეკომუნიკაციო კომპანიების ზედამხედველობაში დამატებით უფლებებს ანიჭებს.

საქართველოს მთავრობასთან ჩვენს მიმდინარე დიალოგში ჩვენ ხაზი გავუსვით ქვეყანაში დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას, რეფორმების, რომლებიც ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ არის მიმართული. ამ საკითხების შესახებ საქართველოს მთავრობასთან უკანასკნელი საუბარი 9 სექტემბერს საქართველო-ბრიტანეთს შორის არსებული “უორდროპის დიალოგის” ფორმატში შედგა“, - აცხადებს ვენდი მორტონი.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი საქართველოში კომუნიკაციების სექტორში დაჩქარებული წესით მიღებული კანონმდებლობით დაინტერესდა. 4 სექტემბერს ახალი ციფრული დერეფნისა და კომპანია “კავკასუს ონლაინის” გარშემო მიმდინარე მოვლენებზე საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხვით დეპუტატმა ქეთრინ უესთმა მიმართა, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა ვენდი მორტონმა უპასუხა. მორტონის თქმით, საქართველოში ბრიტანეთის საელჩო “კავკასუს ონლაინის” ირგვლივ მიმდინარე მოვლენების განვითარებას ყურადღებით აკვირდება.

„კავკასუს ონლაინის” გარშემო მიმდინარე მოვლენები ევროპასა და აზიას შორის ახალი ციფრული დერეფანის განვითარების საკითხს უკავშირდება. აზერბაიჯანულმა NEQSOL ჰოლდინგმა, რომელმაც “კავკასუსის” მშობელ კომპანიაში 49%-იანი წილი გასულ წელს შეიძინა ახალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის შექმნას გეგმავს, რომელიც ევროპასა და აზიას დააკავშირებს. პროექტის განხორციელებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი შავი ზღვის ფსკერზე არსებული კაბელია, რომლის მფლობელიც “კავკასუს ონლაინია”. პროექტი სრულად განხორციელების შემთხვევაში აზიაში მილიონობით აბონენტს ინტერნეტთან საქართველოს გავლით დააკავშირებს. თუმცა, გარიგება, რომლითაც NEQSOL-მა “კავკასუს ონლაინის” 49%-იანი წილი შეიძინა საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებლის შეფასებით უკანონო იყო, რადგანაც ის წინასწარ არ ყოფილა კომისიასთან შეთანხმებული.

კომუნიკაციების კომისიამ 20 აგვისტოს სხდომაზე “კავკასუს ონლაინს” 270,000 ლარის მოცულობის ჯარიმა დააკისრა და 20 სექტემბრისთვის კომპანიას მისი წილების ნასყიდობის გარიგების შეცვლა დაავალა.

თავის მხრივ, NEQSOL Holding-ი აღნიშნავს საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება ისევე როგორც, კომუნიკაციების კომისია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გარიგების საქმის კურსში იყო და არსებობდა შესაბამისი თანხმობაც იმის თაობაზე, რომ “კავკასუსის” წილი შეეძინათ. NEQSOL-მა საქართველოს დავის მოგვარებისთვის წინადადებით მიმართა, რომელზეც კომპანია პასუხს ელის.

NEQSOL-თან მიმდინარე დავის პარალელურად, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომლითაც კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილებები გაფართოვდა მას კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლება მიეცა. სპეციალურ მმართველს კი უფლება აქვს დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორთა საბჭოს წევრები, გაწყვიტოს კავშირები კონტრაქტორებთან, შეაჩეროს ან შეზღუდოს მოგების განაწილების პროცესი, ასევე შეასრულოს სხვა ფუნქციები კომპანიის მმართველობაში.

ამ დროისთვის უცნობია გამოიყენებს თუ არა კომუნიკაციების კომისია კომპანიის წინააღმდეგ “სპეციალური მმართველის” დანიშვნის უფლებას. რამდენიმე საერთაშორისო იურიდიული კომპანიის შეფასებით, მსგავსი ქმედება კერძო საკუთრების ექსპროპრიაციად შეიძლება ჩაითვალოს.

ამირან სალუქვაძე - მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა გაიზარდა, საკმაოდ დაძაბული ბრძოლის მომსწრე ვიქნებით და იმედია, არჩევნების შემდეგ დასავლეთის ხელახალი დახმარება არ დაგვჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2021
ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის საგრანტო კონკურსის მონაწილეებს "ფინკა ბანკი" თანადაფინანსების სპეციალურ პირობებს სთავაზობს
"ჯივიესის" ახალი შენაძენი რაჭაში
„პერსონალური მენეჯერი“ - სრულიად ახალი სერვისი “პსპ დაზღვევისგან”
ხვალ გაიმართება ფორუმი მზის ელექტროსადგურის სარგებლიანობის შესახებ - „მდგრადი ინვესტიცია და ბიზნეს სარგებელი“
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე