კახა კალაძე - მე ვალდებული ვარ, როგორც ქალაქის მერი, დავიცვა ჩემი უწყება, სამსახურები და საკუთარი თავი

ერთ-ერთი მედიასაშუალებით გასული ბრალდება, თითქოს მიკროავტობუსების ტენდერი მორგებული იყო კონკრეტულ კომპანიაზე და ამის სანაცვლოდ კახა კალაძემ ე.წ. „ატკატის“ სახით ძვირადღირებული ავტომანქანა „ლენდ როვერ დეფენდერი“ მიიღო, დეზინფორმაცია და სრული სიცრუეა , - ამის შესახებ თბილისის მერმა Facebook-ის პირდაპირ ჩართვაში ისაუბრა.

მერიის ინფორმაციით, თბილისის მერმა სოციალური ქსელის მომხმარებლებს დოკუმენტები წარუდგინა, რომლითაც ირკვევა, რომ კახა კალაძეს ავტომანქანა სალიზინგო-საიჯარო მფლობელობაში ჰყავს, რომლის ღირებულება არა 94 000 ევრო, არამედ 56 000 ევროა.

უწყების ინფორმაციით, „ჯი თი მოტორსთან“ გაფორმებული სალიზინგო-საიჯარო ხელშეკრულების თანახმად, კახა კალაძე ვალდებულია, კომპანიას ყოველთვიურად 1000 ევროს ექვივალენტი ლარში გადაუხადოს. ერთი წლის შემდეგ კი, თავად გადაწყვიტოს, დაიტოვებს ავტომანქანას თუ არა.

„სადილერო კომპანიების განცხადებით, მსგავსი სალიზინგო და საიჯარო ხელშეკრულება მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, რომელსაც საქართველოში ყველა მსხვილი სადილერო კომპანია იყენებს. ამ ტიპის ხელშეკრულებით სარგებლობენ როგორც იურიდიული, ისე კერძო პირები. გარდა ამისა, ირკვევა, რომ კახა კალაძემ შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულება კომპანია „ჯი თი მოტორსს“ 29 აგვისტოს, ჯერ კიდევ მაშინ გაუფორმა, როდესაც თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ დახურულ ტენდერში გამარჯვების პრეტენდენტი კომპანია „ჰიუნდაი“ იყო და საერთოდ არ იყო ცნობილი შემდეგი მონაწილის შესახებ“,- ნათქვამია ინფორამციაში.

კალაძის თქმით, მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც პოლიტიკაშია, ვერცერთ შემთხვევას ვერ დაასახელებს ვერავინ, რომ ვინმეს რაიმე წაართვა.

„მე ვალდებული ვარ, როგორც ქალაქის მერი, დავიცვა ჩემი უწყება, სამსახურები და საკუთარი თავი. დარწმუნებული ვარ, ბევრმა, რა თქმა უნდა, არ დაიჯერა, როდესაც ეს სიუჟეტი გავიდა, თუმცა შეიძლება, კითხვებიც გაუჩნდათ. შესაბამისად, ჩვენ თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, რომ გაგვეკეთებინა ახსნა-განმარტებები და მოსახლეობისთვის მიგვეწოდებინა სრული სიმართლე. გარდა ამისა, ერთი რამ მინდა ვთქვა: თქვენ ვერ მოიყვანთ ვერცერთ შემთხვევას მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც მე პოლიტიკაში შემოვედი, რომ ვინმეს რაიმე წავართვი, ვინმეს სადმე ბიზნესში ჩავუჯექი ან ვთქვათ, ბიუჯეტიდან რამე მოვიპარე. მე ვამაყობ, რომ თქვენ ვერ დამისახელებთ ვერცერთ შემთხვევას, რომ ჩემი მხრიდან იყო არასწორად გადადგმული ნაბიჯები. ნამდვილად თავაწეული მოვდივარ მთელი ამ წლების განმავლობაში და ნამდვილად ასე ვაპირებ ცხოვრების გაგრძელებას. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მე არავის ვუვარდები საკუთარ სახლში, როგორც ეს კონკრეტულმა ტელევიზიამ გააკეთა, არც დრონებს ვაფრენ მათ საცხოვრებელ ბინებზე და არც ვინმეს პირადი ცხოვრებით ვინტერესდები. მხოლოდ და მხოლოდ ნორმალურად, ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე, ვალდებული ვარ, გაგცეთ პასუხები სიმართლით, კონკრეტული დოკუმენტაციით, როგორც ამ შემთხვევაში იყო წარმოდგენილი. ეს არ არის პირველი შემთხვევა და ალბათ, არც უკანასკნელი იქნება, იმიტომ რომ ეს არის მათი ხელწერა. მითუმეტეს, არჩევნები ახლოვდება და ყველანაირი მცდელობა აქვთ, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგული პოლიტიკური ფიგურების დისკრედიტაცია მოახდინონ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე პირადად არ ვაპირებ, ვინმეს თავი დავუხარო. როდესაც მართალი ხარ ადამიანი, როდესაც სიმართლით მოდიხარ, რა თქმა უნდა, გაქვს ძალიან დიდი ვალდებულება, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ღირსეულად უპასუხო ასეთ გამოწვევებს. თუ იქნება კიდევ მცდელობა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ ფორმატით კონკრეტულ სიცრუეებზე, ცილისწამებებზე და ასეთ აბსურდულ ბრალდებებზე პასუხის გაცემას“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მერიის ინფორმაციით, რაც შეეხება ტენდერს, იგი რამდენჯერმე გამოცხადდა და წინ უძღოდა ბაზრის კვლევა. ამის შესახებ ინფორმაცია საჯარო იყო და ასევე, მიწოდებული ჰქონდა არაერთ კომპანიას. საბოლოოდ, სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნა დააკმაყოფილა არა ერთმა, არამედ მინიმუმ სამმა კომპანიამ.

ტენდერის მიმდინარეობის შესახებ, მედიასთან კომენტარი თბილისის მერმა რამდენჯერმე გააკეთა, სადაც განმარტავდა, რომ პირველად გამოცხადებული ტენდერი სწორედ იმის გამო ჩაიშალა, რომ რაც შეიძლება მეტ კომპანიას ჰქონოდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო და შეეთავაზებინა მერიისთვის რაც შეიძლება მაღალი ხარისხი.

„ის ბრალდებები, რომელიც ისმოდა ამ გადაცემაში, თითქოს ჩვენ კონკრეტულ კომპანიას მოვარგეთ ტენდერი, ეს ფიზიკურად შეუძლებელია, ასეთი რამ ვერ მოხდებოდა. ტენდერი ვერ გამოცხადდებოდა, დოკუმენტების შინაარსი რომ კონკრეტულ კომპანიაზე ყოფილიყო მორგებული. ეს არის შეუძლებელი, გამორიცხულია. გარდა ამისა, როდესაც შესყიდვები ხორციელდება, ცხადდება ელექტრონული ტენდერი და არის დახურული. კომპანიები ერთმანეთს ვერ ხედავენ და ვერც ჩვენ ვხედავთ, ვინ არის მონაწილე. გარდა ამისა, სანამ ჩვენ ტენდერს გამოვაცხადებდით, ამას წინ უძღოდა შესაბამისი ღონისძიებები. გავაკეთეთ ფასთა მოკვლევა, ასევე მივიღეთ ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ, რომლებიც მიიღებდნენ მონაწილეობას და ბევრი კომპანია იყო დაინტერესებული. პირველად, როდესაც ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერი, ალბათ გახსოვთ, რომ შევწყვიტეთ, რადგან პანდემიით გამოწვეული პრობლემები იყო. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაშინ არ იყო მიკროავტობუსების შესყიდვის დრო, რადგან თანხები მიემართებოდა უფრო მნიშვნელოვან საჭიროებებზე. ამის შემდეგ ხელმეორედ გამოვაცხადეთ ტენდერი, თუმცა რამდენიმე კომპანიამ მოგვმართა, მათი ინტერესების გათვალისწინებაც მომხდარიყო სატენდერო დოკუმენტაციაში. ამის გამო შევაჩერეთ გამოცხადებული ტენდერი. ამის დამადასტურებელი ფაქტები და ჩემი ინტერვიუებიც არსებობს. 15 ივლისს გამოვაცხადეთ ტენდერი, სადაც ყველა შესაძლო მონაწილე კომპანიის ინტერესები იყო გათვალისწინებული, იმისთვის რომ, რაც შეიძლება მეტ კომპანიას მიეღო მონაწილეობა და მიგვეღო საუკეთესო პროდუქტი, ამ შემთხვევაში მიკროავტობუსები საუკეთესო ფასად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„ ე.წ. კრიტიკულმა მედიამ, მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით, აჟიოტაჟის შექმნა არაერთხელ სცადა. მაგალითად, სასწრაფო დახმარების ავტომანქანების შესყიდვის ტენდერზე მედია ამტკიცებდა, რომ რამდენიმე კომპანიის მონაწილეობის მიუხედავად, გამარჯვება რატომღაც „სტრადა ავტოს“ ხვდა წილად, რომელიც „ფიატის“ შემომყვანი კომპანიაა. ზუსტად ამავე კომპანია „სტრადა ავტოს“ ამჯერად ნოდარ მელაძის საავტორო გადაცემა მიკროავტობუსების ტენდერიდან გაგდებულად ასახელებს და ამტკიცებს, რომ იგი მერიამ „დაჩაგრა“.,- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, კახა კალაძის განცხადებით, მერიის მიერ გამოცხადებული ყველა ტენდერი მორგებულია მხოლოდ და მხოლოდ თბილისის ინტერესებზე და მას ატარებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო კანონის სრული დაცვით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა