ნაზი ჯანეზაშვილი - სასამართლოები მოსამართლის გარეშეა დარჩენილი, 109 ადგილი ვაკანტურია, მოქალაქეები კი გადაწყვეტილებებს წლების განმავლობაში ელოდებიან

მოსამართლის გარეშე დარჩენილი სასამართლოები - 109 ადგილი ვაკანტურია, მოქალაქეები კი გადაწყვეტილებებს წლების განმავლობაში ელოდებიან,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განცხადებით, გარდა იმისა, რომ არ არის მიღწეული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, მოსამართლეთა მიერ საქმეთა განხილვის გაჭიანურებაც მოქალაქეებისთვის უდიდესი ზიანის მომტანია.

„დღეისათვის საქართველოს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში, 387 მოსამართლის ნაცვლად, 278 მოსამართლეა, რადგან 109 ადგილი ვაკანტურია. ვაკანსიების უპრეცედენტო რაოდენობა პირდაპირ მიუთითებს, რომ სასამართლო ხელისუფლებას ქვეყნის მასშტაბით მოსამართლეების საჭირო რაოდენობა არ ჰყავს, რაც სასამართლო პროცესების გაჭიანურების მთავარი მიზეზია. მოსამართლეთა ე.წ. კლანის პირდაპირი პასუხისმგებლობაა ის, რომ მოქალაქეები სასამართლოს გადაწყვეტილებებს წლების განმავლობაში ელოდებიან. აღსანიშნავია, რომ მოსამართლეების (ასევე, შესაბამისი მოხელეების) დასამატებლად ბიუჯეტში გათვალისწინებულია შესაბამისი ფინანსები; მიუხედავად ამისა, გავლენიანი ჯგუფი ხელოვნურად ინარჩუნებს მოსამართლეთა დეფიციტს. ეს განპირობებულია იმით, რომ ყველა იმ მოსამართლის ბედი, ვის წინააღმდეგაც დისციპლინური საჩივარი არსებობს, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ხელშია, რაც ე.წ. კლანს სისტემაში ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებას აძლევს”,-აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისივე განცხადებით, მოსამართლეთა სიმცირის თვალსაზრისით არასახარბიელო ვითარებაა გამორჩეულად დატვირთულ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მოსამართლის 24 ვაკანსიაა; ბათუმის საქალაქო სასამართლოს კი, 16 მოსამართლის ნაცვლად, 10 მოქმედი მოსამართლე ჰყავს.

“სასამართლოებს მაგისტრატი მოსამართლეები არ ჰყავს 26 მუნიციპალიტეტში. სასამართლოებში ქაოსურად ცდილობენ ამ პრობლემასთან გამკლავებას. მაგალითად, ის მოსამართლე, ვინც სისხლის სამართლის მიმართულებით მუშაობს, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის საქმეებსაც იხილავს ან რაიონული სასამართლოს მოსამართლეები, ძირითად საქმიანობასთან ერთად, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის ფუნქციებსაც ითავსებენ. ცხადია, ამ პრობლემის აღმოფხვრა მხოლოდ კონკურსის მეშვეობით შეიძლება, რომლებსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო იშვიათად ატარებს. მაგალითად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წინა კონკურსი 2018 წლის აგვისტოში გამოაცხადა, მომდევნო კი - 2020 წლის ივნისში. ამავდროულად, პრობლემურია ისიც, რომ ღია კონკურსებს ხშირად მოსამართლეები ერთი სასამართლოდან მეორე სასამართლოში გადასვლის საშუალებად იყენებენ. შიდა მობილობის გამო კი, ხშირ შემთხვევაში, ბევრი ვაკანსია შეუვსებელი რჩება. ასევე თვალშისაცემია ის გარემოებაც, რომ კონკურენცია ძალზედ დაბალია. გარდა ამისა, სასამართლოს მმართველი რგოლის მიმართ უნდობლობა იწვევს იმას, რომ მოსამართლეობის სურვილს შედარებით ნაკლები პროფესიონალი და კეთილსინდისიერი იურისტი გამოთქვამს, რადგან, როგორც ჩანს, მათ არ აქვთ განცდა, რომ არსებული პროტექციონიზმის პირობებში კონკურსში მათ მიმართ სამართლიანი დამოკიდებულება იქნება. ამასთან ერთად, დაბალი კონკურენცია სასამართლო სისტემაში პროფესიონალიზმის ხარისხზეც ნეგატიურად აისახება. სასამართლო სისტემაში არსებული კოლაფსი, გარდა მოსამართლეთა მცირე რაოდენობისა, განპირობებულია მოსამართლეების არასამართლიანი და არასათანადო გადანაწილებით სხვადასხვა სასამართლოში. კერძოდ, სასამართლოებში, სადაც რესურსების მეტი მობილიზებაა საჭირო, ნაკლები მოსამართლეა და პირიქით”,-აღნიშნა ჯანეზაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს