ირაკლი ღარიბაშვილი - ამერიკელ და ბრიტანელ ექსპერტებთან ერთად მიღწეულია შეთანხმება კიბერუსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის შექმნასა და განვითარებაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერების გზაზე, თავდაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სტრატეგიულ პარტნიორებთან.

როგორც მინისტრმა საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების სტრუქტურული დანაყოფებისათვის სტაბილურ, ეფექტურ და დაცულ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სისტემებს უზრუნველყოფს. ასევე, ბიურო აქტიურად მონაწილეობს ყველა იმ ღონისძიებაში, რომლებიც ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის განვითარებას, ინფორმაციის გაცვლის ჩარჩოს ჩამოყალიბებას და გაერთიანებული კიბერ სწავლებებში მონაწილეობას უზრუნველყოფს.

„ ნატოსთან მიმართებით, კიბერთავდაცვა არის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი ინიციატივა, რომელიც მეგობარი ქვეყნის - ესტონეთის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს კიბერუსაფრთხოების ბიუროს შესაძლებლობების გაძლიერებას და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ 2019 წელს ჩვენ გაზრდილი სტატუსით ვმონაწილეობდით ნატოს კიბერუსაფრთხოების სწავლებაში. კერძოდ, კიბერუსაფრთხოების ბიურო, სრულუფლებიანი წევრების სტატუსით მონაწილეობდა ნატოს კიბერუსაფრთხოების უდიდეს სწავლებაში - „კიბერ კოალიცია“. დამატებით, 2020 წელს, საქართველო ნატოს მეორე არაწევრი ქვეყანა გახდა, რომელიც შეუერთდა ნატო-ს ჭკვიანი თავდაცვის პროექტს - მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მრავალეროვნულ პლატფორმას. ეს პროექტი ხელს შეუწყობს კიბერ ინციდენტების პრევენციას და შესაბამისად, მეტ კიბერ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ეს არის ურთიერთსასარგებლო პროექტი, რომელიც ქართულ მხარეს საშუალებას აძლევს წვლილი შეიტანოს და გააზიაროს ღირებული ინფორმაცია ნატოსთან კიბერ ინციდენტების შესახებ. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, კიბერუსაფრთხოების ბიურო მუშაობს კიბერ ლაბორატორიის დაფუძნებაზე, რომელიც აღჭურვილი იქნება წამყვანი ტექნოლოგიებითა და საშუალებებით. ევროკავშირთან თანამშრომლობის თვალსაზრისით, თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამითა და „სეიფ“ (SAFE) პროექტით, მიზნად ისახავს გაზარდოს თავდაცვის სამინისტროს კიბერ შესაძლებლობები და საშუალებები. თავდაცვის სამინისტროს აქვს მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, დიდ ბრიტანეთთან, ესტონეთთან და ლიეტუვასთან. ამერიკელ და ბრიტანელ ექსპერტებთან ერთად მიღწეულ იქნა შეთანხმება კიბერუსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის შექმნასა და განვითარებაზე, რომელიც ნატოსთან თავსებადობას კიდევ უფრო გაზრდის”,-განაცხადა მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა