ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო ნატო-ს მეორე არაწევრი ქვეყანა გახდა, რომელიც შეუერთდა ნატო-ს ჭკვიანი თავდაცვის პროექტს - მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მრავალეროვნულ პლატფორმას

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო ნატოს მეორე არაწევრი ქვეყანა გახდა, რომელიც შეუერთდა ნატოს ჭკვიანი თავდაცვის პროექტს - მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მრავალეროვნულ პლატფორმას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2020“-ზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს მნიშვნელოვან წარმატებებზე გაამახვილა.

მინისტრის განმარტებით, საქართველოში წამყვანი ტექნოლოგიებითა და საშუალებებით აღჭურვილი კიბერლაბორატორია შეიქმნება და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, კიბერუსაფრთხოების ბიურო მუშაობს კიბერლაბორატორიის დაფუძნებაზე, რომელიც აღიჭურვება წამყვანი ტექნოლოგიებით და საშუალებებით.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა აუდიტორიას, ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში, კიბერუსაფრთხოების კუთხით განხორციელებული წარმატებული პროექტებიც გააცნო. კერძოდ, ყურადღება გაამახვილა 2019 წელს ნატოს კიბერუსაფრთხოების სწავლებაში - „კიბერ კოალიცია“ სრულუფლებიანი წევრის სტატუსით კიბერუსაფრთხოების ბიუროს მონაწილეობაზე და ასევე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს კიბერშესაძლებლობებისა და საშუალებების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ღარიბაშვილის განცხადებით, ბიურო აქტიურად მონაწილეობს ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის განვითარებას უზრუნველყოფს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ინსტიტუტების, ასევე დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები კიბერუსაფრთხოების სფეროში საერთო გამოწვევებს განიხილავენ და კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ იმსჯელებენ.

მათივე ცნობით, „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2020“ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით იმართება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა