რუსი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი „უცნობ მეგობრებს" მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ნავალნიმ აღნიშნა, რომ ის საკუთარ სიცოცხლეს იმ პილოტებს უნდა უმადლოდეს, რომლებიც სასწრაფოდ დაეშვნენ, როდესაც ფრენისას ნავალნი ცუდად გახდა. მისივე თქმით, საკუთარ სიცოცხლეს ის ასევე იმ ექიმებს უნდა უმადლოდეს, ვინც მას მოწამვლის დიაგნოზი დაუსვეს და ატროპინი გაუკეთეს. ნავალნიმ თავის „უცნობ კარგ მეგობრებს" მადლობა "ინსტაგრამის" პოსტით გადაუხადა.
„რამდენადაც მესმის, მკვლელების გეგმა მარტივი იყო: აფრენიდან 20 წუთში თავს ცუდად ვიგრძნობდი, კიდევ 15 წუთის მერე გული წამივიდოდა. სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა გამორიცხული იქნებოდა და კიდევ ერთი საათის შემდეგ მგზავრობას უკვე შავ პლასტმასის ტომარაში, სავარძლების ბოლო რიგზე გავაგრძელებდი", - აღნიშნა ნავალნიმ.
შეგახსნებთ, ალექსეი ნავალნი, 20 აგვისტოს ომსკის კლინიკაში მას შემდეგ მოათავსეს, რაც თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო. 22 აგვისტოს კი ახლობლების მოთხოვნით, ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. ტრანსპორტირებიდან რამდენიმე დღეში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვული აგენტითაა მოწამლული. რუსეთი ნავალნის მოწამვლასთან კავშირს უარყოფს.