ივანე მაჭავარიანი - პრემიერ გახარიას ყველა გზავნილი მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისთვის, რომელთაც განუხრელად დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიზაციის პროცესში

პრემიერ გახარიას ყველა გზავნილი მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისთვის, რომელთაც განუხრელად დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიზაციის პროცესში - ასეთი შეფასება მისცა თავის Facebook პოსტში ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლას.

როგორც ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, პრემიერმა ისაუბრა ყველა იმ აქტუალურ პრობლემასა და გამოწვევაზე, რომელიც დღეს ქვეყანაშია.

„ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე. მან ისაუბრა ოკუპაციასა და რუსეთის მხრიდან უკანონო ბორდერიზაციაზე და ხაზი გაუსვა საერთაშორისო მხარდაჭერის აუცილებლობას, რათა მსოფლიომ ერთობლივი ძალებით აიძულოს რუსეთი, შეასრულოს საერთაშორისო ნორმები და ნაკისრი ვალდებულებები. სიტყვით გამოსვლისას, ქვეყნის მეთაურმა კიდევ ერთხელ უთხრა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია და რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა უცვლელია - ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. გამოსვლაში იგი შეეხო არჩევნების თემასაც და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ ამ უმნიშვნელოვანესმა არჩევნებმა, პანდემიის პირობებშიც თავისუფალ, მიუკერძოებელ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში ჩაიაროს, სადაც საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური დასწრების ფონზე, საქართველოს ყველა მოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი პოლიტიკური ნება,"- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის