“ერთიანი საქართველოს” ოფისში ამომრჩეველთა ხმების დაცვის გაერთიანებული შტაბის სხდომა გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას გამოვლენილი დარღვევები განიხილეს.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ საბურთალოს შტაბმა ქურდულ სამყაროსთან ხელისუფლების თანამშრომლობის ფაქტი გამოავლინა, რის შემდეგაც, ბოკუჩავას თქმით, აღნიშნული შტაბის თანამშრომლებზე თავდასხმები განხორციელდა.
„სოფელ დიღომში „ქართული ოცნების“ შტაბი გახსნილი იყო ლევან ბაღდასარიანის მიერ, რომელიც არის წარმომადგენელი ზაალ მახარობლიძის, კანონიერი ქურდის, რომელიც 10 წელია არ იმყოფება საქართველოში და ცნობილია როგორც „გლეხოვიჩი“. ამ ფაქტის გამჟღავნების შემდეგ აღნიშნული ოფისი დაიხურა, იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწია ოფისის დახურვა და „ფეიკ“ დაკავების აქტის დადგმა ლევან ბაღდასარიანის წინააღმდეგ, შემდეგ კი ის გათავისუფლდა. მთავარი მოხდა შემდეგ, როდესაც განხორციელდა მიზანმიმართული, წინასწარ დაგეგმილი თავდასხმები საბუთალოს ოფისის წევრების წინააღმდეგ.
თვადასხმები, რომელიც ხორციელდება ამ კანონიერი ქურდის სახელით, რომელიც მოქმედებეს ტანდემში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან, ემსახურება იმას, რომ მოხდეს „ნაცონალური მოძრაობის და ზოგადად, ოპოზიციური წევრების დაშინება და მათი აქტიურობის შეზღუდვა, მათ სურთ, როგორც კრიმინალების ოფისი დაიხურა დიღომში, ასე დაიხუროს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისები. გაფრთხილებთ და გეუბნებით, არცერთი ოფისი „ნაციონალური მოძრაობის“ და არცერთი ოპოზიციური პარტიის, არ დაიხურება იმიტომ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში, თქვენ კი თანამშრომლობთ ქურდულ სამყაროსთან“,- განაცხადა ბოკუჩავამ.