რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებს დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებს დღესასწაულს ულოცავს. მათი ცნობით, 27-28 სექტემბერს იუდეველთათვის უმნიშვნელოვანესი დღესასწაული, იომ-ქიფური აღინიშნება - საყოველთაო მიტევების, ცოდვების გამოსყიდვის დღე, რომელსაც ებრაელები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა იუდეველს და განსაკუთრებით, საქართველოს ებრაულ თემს ამ დღეს.

„იომ-ქიფური საყოველთაო შენდობისა და მიტევების დღეა, როდესაც ღმერთი, გულწრფელი მონანიებისა და განწმენდის შემდეგ, ადამიანს ჩადენელი ცოდვებისგან ათავისუფლებს. ასევე, ესაა დღე, როდესაც ადამიანებმა ყოველგვარი წყენა უნდა აპატიონ ერთმანეთს და სიყვარულის საფუძველზე ააგონ ახალი ურთიერთობები“,-აღნიშნულია მისალოცში.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ასევე მართლმადიდებელ ქრისტიანებს ჯვართამაღლებას ულოცავს. მათი ცნობით, ამ დღეს დაწესებულია ერთდღიანი მარხვა.

„ჯვართამაღლების დღესასწაული მე–4 საუკუნეში დაწესდა. 355 წელს, იერუსალიმის მახლობლად აღმოაჩინეს მაცხოვრის ჯვარი, რომელზეც ეწამა კაცობრიობის მხსნელი. ხალხის დიდი ინტერესის გამო, პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა, ანუ აღამაღლა იგი. იესოს ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლება სულიერი ამაღლების მაგალითია ყოველი ქრისტიანისთვის. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ცხოველმყოფელი ჯვრის მადლი და ძალა გფარავდეთ“,-აღნიშნულია მისალოც წერილში.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, დღეს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია ვარაგის წმინდა მთაზე ჯვართამაღლებას ზეიმობს.

„ეკლესიაში ჯვრისადმი მიძღვნილ დღესასწაულთაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და იგი VII საუკუნიდან აღინიშნება. სხვა ეკლესიებისაგან განსხვავებით, ეს დღესასწაული წმინდა სომხურია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას, მის საქართველოს ეპარქიასა და მრევლს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიასა და მის მრევლს მადლიერების დღეს ულოცავს.

„ესაა სპეციალური დღე, როცა პროტესტანტები მადლიერებას გამოხატავენ ღმერთის მიმართ მოსავლის გამო. ამ დღეს შემოდგომაზე აღნიშნავენ და ტაძრებში შრომის ნაყოფი - ხილი, ბოსტნეული და პური მიაქვთ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა