დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ეკლესიის შვილები არიან ნებისმიერ პარტიაში - მღვდელმთავრებს აქვთ თავისუფლება, რომ თავისი აზრი გამოთქვან

ეკლესიის შვილები არიან ნებისმიერ პარტიაში , - ასე პასუხობს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად მართებულია საარჩევნო შეხვედრებზე მეუფეთა დასწრება.

მისი თქმით, ეკლესია ოფიციალურად რომელიმე მხარეს არ ირჩევს, იმის მიუხედავად, რომ ცალკეულ სასულიერო პირებს თავისი შეხედულებები აქვთ.

„ეს არის თითოეული მღვდელმთავრის არჩევანი, დაესწრებიან თუ არა ამა თუ იმ ღონისძიებას. ზოგადად, ამ შეკითხვაში ჩანს უფრო ღრმა შეკითხვა - ეკლესია თუ აკეთებს რაიმე არჩევანს და ხმამაღლა თუ ქადაგებს რომელიმე მხარის სასარგებლოდ? - გეტყვით, რომ ეკლესიის შვილები არიან ნებისმიერ პარტიაში, ეკლესია არის გამაერთიანებელი, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ერთობა იყოს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ხალხისთვის სასიკეთოდ წარიმართოს სახელმწიფოს მოღვაწეობა, ამიტომ ოფიციალურად ეკლესია, რომელიმე მხარეს რა თქმა უნდა, არ ირჩევს და იმის მიუხედავად , რომ ცალკეულ სასულიერო პირებს აქვთ თავის შეხედულებები, ეს მაინც არ ნიშნავს, რომ ცალმხრივია ეკლესია ამ მიდგომებში. ჩვენი სულიერი შვილები არიან ყველგან, ყველა პარტიაში, ყველა საზოგადოებრივ ჯგუფში, ამიტომ ჩვენ მათ ვერანაირად ვერ შევაქცევთ ზურგს“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

ამასთან, ანდრია ჯაღმაიძე არ უარყოფს, რომ ცალკეული სასულიერო პირები ქადაგებენ და ხმამაღლა აფიქსირებენ თავიანთ აზრს პოლიტიკური ჯგუფების შესახებ. თუმცა, დეკანოზი აღნიშნავს, რომ მათ აზრის გამოთქმის უფლება აქვთ და მთავარია არ იყოს რადიკალური მოწოდებები.

„ყოფილა ერთმანეთის საპირისპირო, აქ რომ რაღაც ერთი მიმართულება ყოფილიყო აზრისა და ერთი დირექტივა, მაშინ საპირისპირო შეხედულებების ქადაგება არ იქნებოდა. აქვთ ამის თავისუფლება მღვდელმთავრებს, რომ თავისი აზრი გამოთქვან, მათ შინაგანი მოტივი ქვეყნის კეთილდღეობაა და ზოგი ასე ხედავს ლოგიკურ ჯაჭვს, როგორ უნდა იყოს მრევლი და ზოგადად საზოგადოება ამ ქვეყანაში ბედნიერი, სხვას სხვანაირი შეხედულება აქვს ამის შესახებ. მთავარი არის, რომ ზღვარს იქით არ გადავიდეს ეს და არ იყოს რადიკალური მოწოდებები, აზრის გამოთქმა და დასწრებას, ალბათ, ვერავინ აუკრძალავს,“- აცხადებს ჯაღმაიძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა