დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართება

დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართება. პირველი სხდომები ჩატარდება ყველა, 3 657 საარჩევნო უბანზე. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, პირველი სხდომების ჩატარებიდან იწყება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა უფლებამოსილება კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები აირჩევენ კომისიების თავმჯდომარეს, მოადგილესა და მდივანს.

ანა მიქელაძის თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრების უფლება აქვთ შესაბამის საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს. აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული უფლება არ ვრცელდება ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნულ სუბიექტის წარმომადგენლებზე. საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომებზე ასევე, დასწრების უფლება აქვთ რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და აკრედიტებულ მედია ორგანიზაციებს.

ცესკოს პრეს-სპიკერის განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიების ყველა სხდომა იმართება პანდემიის წესების სრული დაცვით. უფლებამოსილი პირები საუბნო საარჩევნო კომისიებში დაიშვებიან ცესკოს მიერ დადგენილი ეპიდემიოლოგიური წესების მიხედვით, მათ შორის პირბადის გამოყენებით, ხელების დეზინფექციისა და თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ.

„საუბნო საარჩევნო კომისიების სხდომები ღიაა ყველა უფლებამოსილი პირისთვის. შესაბამისად, ცესკო მიმართავს არჩევნებში ჩართულ მხარეებს აქტიურად დააკვირდნენ საუბნო საარჩევნო კომისიების პირველ სხდომებს, რაც პროცესის გამჭვირვალობას და სანდოობას უწყობს ხელს“, - განაცხადა მიქელაძემ.

ცესკოს სპიკერი საარჩევნო კამპანიის ხელშეშლის მცდელობის ფაქტებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება კანონმდებლობის სრული დაცვით შეეძლოს ყველა საარჩევნო სუბიექტს“.

„ამ ფაქტებთან დაკავშირებით ცესკოს კომპეტენცია არ ვრცელდება, თუმცა, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი დროული რეაგირება იმისთვის, რომ მოხდეს დროული რეაგირება და მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

იხილეთ ვიდეო:დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართება

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს