არასამთავრობოები „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, სახალხო დამცველის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან თავი შეიკავოს და მისი საქმიანობისთვის ხელის შეშლის მცდელობები შეწყვიტოს

ფონდი „ღია საზოგადოება“ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შეშფოთებას გამოთქვამს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიმართ განხორციელებული მორიგი თავდასხმის გამო.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „სამწუხაროდ, როგორც „ქართული ოცნების“ წევრების, ასევე საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთათვის, უკვე ჩვევად იქცა სახალხო დამცველის შესახებ დაუსაბუთებელი და შეურაცხმყოფელი განცხადებებები“.

„ამ განცხადებების ერთადერთი მიზანია, უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის დისკრედიტაცია, ადამიანის უფლებების სფეროში არსებული რეალური პრობლემებისა და გამოწვევებისგან ყურადღების გადატანა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სახალხო დამცველი კონსტიტუციური ორგანოა, რომელსაც კანონმდებლობით ევალება, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგი და ზედამხედველობა. შესაბამისად, წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგი, ისევე როგორც, გამოვლენილი დარღვევების თაობაზე საზოგადოებისა თუ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება, სახალხო დამცველის პირდაპირი და დღესდღეობით – ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულებაა. საქართველოს სახალხო დამცველი, წინა წლების მსგავსად, თავისი მანდატის ფარგლებში, აკვირდება 2020 საპარლამენტო არჩევნებს. შესაბამისად, ისეთი მძიმე დარღვევები, როგორებიცაა: დაშინება, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გასაჯაროების მუქარა და ძალისმიერი მეთოდებით პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორება, სწორედ ის საკითხებია, რასაც სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური რეაგირება არასდროს მოჰყოლია. დღემდე არ გამოძიებულა ან გამოძიება არ დასრულებულა ბევრ ძალადობრივ ქმედებაზე, რომელიც გასულ წლებში, წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში არაჯანსაღ და ძალადობრივ წინასაარჩევნო გარემოზე, განმეორებით მიუთითებენ როგორც საერთაშორისო მისიები, ასევე, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები. შესაბამისად, მმართველი გუნდის წარომადგენლების აშკარა და პირდაპირი თავდასხმები საქართველოს სახალხო დამცველზე დაუსაბუთებელია და მიზნად ისახავს ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის დისკრედიტაციას. ხელმომწერი ორგანიზაციები, მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს, თავი შეიკავონ სახალხო დამცველის მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან პირდაპირი თუ ირიბი გზებით, შეწყვიტონ ამ ინსტიტუტის საქმიანობისთვის ხელის შეშლის მცდელობები“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ არასამთავრობო ორგანიზაციები - „ღია საზოგადოების ფონდი“ (OSGF); „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ (TI); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); უფლებები საქართველო (Rights Georgia); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC); საქართველოს მედია-კლუბი; დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI);საფარი და „მწვანე ალტერნატივა“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა