გიგლა მიქაუტაძე - უნდა დადგინდეს სავალუტო დერეფანი და შემუშავდეს სესხების რეფინანსირების ახალი სქემა

„ლელოს“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგლა მიქაუტაძემ ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მთავრობასა და ეროვნულ ბანკს დააკისრა.

გიგლა მიქაუტაძის განცხადებით, 3 მილიარდ დოლარს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ დახმარების სახით მიიღო, კურსის დასტაბილურება თავისუფლად შეუძლია.

„მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში ეროვნული ვალუტები ინარჩუნებენ სიმყარეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებში ომია. ქართული ლარი კი, ბოლო 2 კვირის მანძილზე, უწყვეტად განაგრძობს გაუფასურებას. ლარის კურსმა, დოლართან მიმართებით, პანდემიის დროს იპოვა წონასწორობის ახალი წერტილი დაახლოებით 3.00-ის ფარგლებში. თუმცა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მკვეთრად გაუფასურდა, მაშინ, როცა ძირეულად არაფერი შეცვლილა. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიიღო 3 მილიარდი დოლარის დახმარება, რომელსაც თავისუფლად შეეძლო კურსის დასტაბილურება. სად წავიდა ეს თანხა? რატომ არ მიმართავს ეროვნული ბანკი ინტენსიურ ინტერვენციებს, რათა დააბრუნოს ლარი ბუნებრივი წონასწორობის წერტილში?“ - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი „ლელოს“ ინიციატივას სავალუტო დერეფნის შექმნასთან დაკავშირებით.

„ეროვნულმა ბანკმა უნდა დაადგინოს სავალუტო დერეფანი და მართოს ლარის კურსი ამ ჩარჩოებში, რათა დაამშვიდოს ბაზარი. დღეს ეროვნულ ბანკს აქვს ამის რესურსი. მან უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ მაღალ ინფლაციას წლის ბოლოს“, - აღნიშნა გიგლა მიქაუტაძემ.

გიგლა მიქაუტაძე ასევე შეეხო საბანკო სესხებს. მისი თქმით, საშეღავათო პერიოდი დასრულდა, კრიზისი კი ისევ რჩება და მთავრობა მოსახლეობას სესხების გადავადებასთან დაკავშირებით არაფერს სთავაზობს.

„არაერთმა ქვეყანამ გადაავადა სესხების გადახდა ერთი წლით. ეს მოხდა იმის საფუძველზე, რომ ცენტრალურმა ბანკებმა და მთავრობამ შეიმუშავეს ახალი სქემა. ანალოგიურად უნდა მოხდეს საქართველოშიც. მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა და საფინანსო სექტორმა უნდა შეიმუშაონ სესხების რეფინანსირების გზა, რომელიც პანდემიით დაზარებულ ადამიანებსა და კომპანიებს 6 თვით მაინც მისცემს სესხების გადავადების საშუალებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობის დიდი ნაწილი შავ სიაში აღმოჩნდება და მივიღებთ საბანკო კრიზისს, რომელიც საბოლოოდ მძიმე ეკონომიკურ კრიზისში გადაიზრდება“, - აცხადებს მიქაუტაძე.

აღნიშნულ კომენტარს „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა