ეკა ბესელიას განცხადებით, ირაკლი კობახიძის მიერ ომბუდსმენის მიმართ გაკეთებული განცხადებები პირადად მას და მის გუნდს აზიანებს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის მიერ სახალხო დამცველის მიმართ გაკეთებული განცხადებები პირადად მას და მის გუნდს აზიანებს.

ბესელიას განმარტებით, სახალხო დამცველის ოფისს უნდა ჰქონდეს კრიტიკული შეფასებები და მას ამის გამო თავს არ უნდა ესხმოდნენ.

„ეს არის ძალიან უმწიფარი, გაუაზრებელი და უპასუხისმგებლო განცხადება. ვინმემ უნდა აუხსნას ამ ადამიანს, რომელიც, სამწუხაროდ, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეა, რომ არა მხოლოდ მას პერსონალურად, არამედ აზიანებს მთლიანად იმ პროცესს, რომელიც ომბუდსმენის ინსტიტუტის გაძლიერებას მიეძღვნა მთელი წინა წლების განმავლობაში.

ერთი, რითიც „ქართულ ოცნებას“ შეეძლო, ეტრაბახა მიუხედავად იმისა, რომ ეს მათი დამსახურება არ იყო, არამედ ამაში ჩემი პერსონალური დიდი ძალისხმევაა ჩადებული, რომ სახალხო დამცველი ინსტიტუციურად გავაძლიერეთ, ამით შეეძლოთ ეამაყათ და გამოეყენებინათ ეს, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამბავი და ახლა ამის ნაცვლად, რომ ამას მაინც გაუფრთხილდნენ, რაც დავუტოვეთ მათ, როგორც კარგად გაკეთებული რეფორმა, ამ ყველაფრის დისკრედიტაციას ეწევა.

ამიტომ, ალბათ, ვინმეს უნდა ეყოს გონიერება და უთხრას მას, რომ სახალხო დამცველის მიმართ ასეთი სიტყვების გამოყენებითა და ასეთი შეფასებებით არა მხოლოდ კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენელს აყენებს შეურაცხყოფას, არამედ საკუთარ თავს, პირველ რიგში, და საკუთარ გუნდს აზიანებს, რომელსაც ვერ გაუცნობიერებია, რომ ხელისუფლებაშია და ვერ გაუცნობიერებია, რომ სახალხო დამცველი სწორედ პარლამენტის მიერ არჩეული კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენელია, რომელსაც შეიძლება და უნდა ჰქონდეს კიდეც კრიტიკული, განსხვავებული მოსაზრებები და ამის გამო თავს არ უნდა ესხმოდე, როდესაც წარმოადგენ მმართველ პარტიას“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ნინო ლომჯარია „ოპოზიციის ომბუდსმენია“. კობახიძემ სახალხო დამცველის განცხადებას „უპასუხისმგებლო“ და „სამარცხვინო“ უწოდა.

აღნიშნულს პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებით შანტაჟის თაობაზე ოპოზიციის აქტივისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციიასთან დაკვშირებით ნინო ლომჯარიას გამოხმაურება უძღოდა.

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი აქტივისტების მიმართ ადგილი ჰქონდა პირადი ცხოვრების კადრების გამოყენებით შანტაჟს. მისივე თქმით, აღნიშნული პირები არ გამოთქვამენ მზაობას თემაზე საჯაროდ ისაუბრონ. თუმცა, როგორც სახალხო დამცველი ამბობს, ის მზადაა ითანამშრომლოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და უზრუნველყოს ფაქტების გამოძიების ეფექტურობა და კონფიდენციალურობა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს