დავით მათიკაშვილი ბექა ნაცვლიშვილს - პოლიტიკური შოუა და მეტი არაფერი, რომ სამი წელიწადი უმრავლესობაში ყოფნის შემდეგ, დღეს გინდათ, ყველაფერს დაარქვათ თავისი სახელი

პოლიტიკური შოუა და მეტი არაფერი ალბათ, რომ სამი წელიწადი უმრავლესობაში ყოფნის შემდეგ დღეს გინდათ, ყველაფერს დაარქვათ თავისი სახელი, - ასე მიმართა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა დამოუკიდებელ დეპუტატს ბექა ნაცვლიშვილს ბიუროს სხდომაზე, სადაც ნაცვლიშვილი თავისი რეზოლუციის პროექტზე განმარტებას ითხოვდა. როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, ნაცვლიშვილს სურს „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ტოლობის ნიშანი დასვას.

„ბატონმა ბექამ ახსენა პოლიტიკური შოუ. პოლიტიკური შოუა და მეტი არაფერი ალბათ, რომ სამი წელიწადი უმრავლესობაში ყოფნის შემდეგ დღეს გინდათ, ყველაფერს დაარქვათ თავისი სახელი. პოლიტიკური შოუა და მეტი არაფერი, რომ ამ რეზოლუციაში თქვენ ცდილობთ ტოლობის ნიშანი დასვათ ორ პოლიტიკურ ძალას შორის. პირველმა 2012 წლამდე გადაავსო საქართველოს ციხეები პატიმრებით, ადამიანებს პირდაპირ ხოცავდა ქუჩაში და მეორე პოლიტიკურ ძალას შორის, რომელმაც ეს ხალხი 2012 წლის შემდგომ გამოიყვანა ციხიდან, ათიათასობით და ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და რაც მთავარია ადამიანებს დაუბრუნა ღირსების გრძნობა. „დავასრულოთო“ - ეს ფრაზა ბევრჯერ გაქვთ ნახსენები რეზოლუციაში. დავასრულოთ დემაგოგია ბატონო ბექა, ჩემი მოწოდება იქნება თქვენთვის!“, - მიმართა მათიკაშვილმა ნაცვლიშვილს.

მათიკაშვილის ამ გამოსვლას ბექა ნაცვლიშვილმა უპასუხა.

„მყისიერად რომ დადგებოდა შედეგი ასეთი კანონპროექტები დარეგისტრირებული მაქვს და განხილული არ არის. აქედან გამომდინარე, დემაგოგიას თქვენ ეწევით. რაც შეეხება რეზოლუციას, აქედანაც მყისიერად დადგება შედეგი. მასში წერია, რა აღარ უნდა განმეორდეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს პოლარიზაცია და რეალურად პოლიტიკურ პროგრამებზე იყოს დებატები ქვეყანაში და ამ პარლამენტში და არა იმაზე, ვის გრძელი თმები აქვს, ვის მოკლე ფეხი აქვს და ვის ცისფერი თვალები. სამ წელზე მეტი ვიყავი და თქვენზე მეტი მაქვს თქვენივე პარტიისთვის გაკეთებული. აქედან გამომდინარე, მაგ დისკუსიაში შესვლა თქვენთვისვე არ არის სასარგებლო. ეს არ არის „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო რეზოლუცია, უფრო „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო რეზოლუციაა, სიმართლე რომ გითხრათ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, „დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი“ - ამ სახელწოდებით საქართველოს პარლამენტში რეზოლუციის პროექტი სექტემბრის დასაწყისში დარეგისტრირდა. პროექტის ავტორია ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ბექა ნაცვლიშვილი. მასთან ერთად პროექტის ინიციატორები არიან ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტირაძე.

პროექტის განმარტებითი ბარათშის თანახმად, ძირითად არსს წარმოადგენს წარსულის შეცდომებისა და მანკიერი პრაქტიკის ანალიზი, რათა გაცნობიერებულ იქნას, თუ რა პრობლემის წინაშე იდა ქვეყანა და დგას დღესაც. რეზოლუციის პროექტის თანახმად, „2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ ძირითადი აქცენტი წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხზე და ჩადენილი დანაშაულებების სამართლებრივ ლეგალისტურ შეფასებაზე გაკეთდა. სამწუხაროდ არ მომხდარა მმართველობის პოლიტიკური შეფასება და ანალიზი. ამიტომ შემდგომმა ხელისუფლებამ თავს უფლება მისცა არა თუ ძირეულად შეეცვალა მმართველობის ფორმა, არამედ შეეთვისებინა მისი წინამორბედის მანკიერი პრაქტიკა.“

რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ მიუხედავად მთავრობების შეცვლისა, არ იცვლებოდა სოციალური წესრიგი. კერძოდ, „ძალაუფლება, სიმდიდრე ერთი ოლიგარქიული ჯგუფის ხელიდან მეორე ოლიგარქიული ჯგუფის ხელში გადადიოდა. პოლიტიკური ცხოვრება რევანშიზმით განმსჭვალულ ყოფილ მმართველ პარტიებსა და ძალაუფლებას ჩაბღაუჭებულ მოქმედ მმართველ პარტიებს შორის ბრძოლის ასპარეზად იქცა.“

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო