ერეკლე თედლიაშვილის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, „ნიუ ჰოსპიტალსის“ და „ჯერარსის“ კლინიკები ვალდებული არიან ოჯახს პასუხი გასცენ რატომ დადგა ფატალური შედეგი

გორში, ჩხუბის შემდეგ გარდაცვლილი ახალგაზრდის, ერეკლე თედლიაშვილის ოჯახის ადვოკატის თამარ თედლიაშვილის განცხადებით, „ნიუ ჰოსპიტალსის“ და „ჯერარსის“ კლინიკები ვალდებულნი არიან ოჯახს და ყველა დაინტერესებულ პირს პასუხი გასცენ რატომ დადგა ფატალური შედეგი.

ადვოკატის თქმით, ოჯახი ამ საქმეში კლინიკების ბრალეულობის გამოძიებას მოითხოვს, რადგან თუკი ერეკლე თედლიაშვილი სარეაბილიტაციოდ მზად არ იყო, რატომ გადაიყვანეს „ჯერარსის“ კლინიკიდან „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაში.

„დაიწყო არსებითი განხილვა თარაშ კანდელაკის საქმეზე. მას ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. როდესაც საქმე სასამართლოში ამ მუხლით იყო გადაგზავნილი, ერეკლე გარდაიცვალა, ამიტომ გლდანი-ნაძალადევის მთავარმა სამმართველომ ცალკე დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო გარდაცვალების ფაქტზე და იქიდან გამომდინარე, რომ საქმე არის სასამართლოში ბრალდების დამძიმება ვერ მოხდება. 3 თვის განმავლობაში, როდესაც ერეკლე სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა, მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და სიცოცხლისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ ჰქონია. ჩვენთვის თავიდანვე იყო ცნობილი ექიმების ერთი ჯგუფისგან, რომ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანება იყო და ერეკლეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლებელი იყო. ამის მიუხედავად „ჯერარსის“ კლინიკა მკურნალობდა ერეკლეს და თვენახევრის შემდეგ კლინიკის ექიმებმა განაცხადეს, რომ მათ ამოწურეს შესაძლებლობები, ბავშვი იყო სარეაბილიტაციო და ოჯახს შეეძლო წაეყვანა სხვა კლინიკაში ან სახლში სარეაბილიტაციოდ. ოჯახმა არჩია „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაყვანა და გადაყვანიდან სამ დღეში ერეკლეს მდგომარეობა უფრო მეტად დამძიმდა და ამიტომ ერეკლე ისევ გადაიყვანეს კლინიკა „ჯერარსში“, სადაც იგი გარდაიცვალა კიდეც. ჩვენთვის საინტერესოა გამოიწვია თუ არა თარაშ კანდელაკის მიერ მიყენებულმა დაზიანებებმა ერეკლეს გარდაცვალება, მაგრამ ასევე გვაინტერესებს სამედიცინო დაწესებულებების მოქმედება და იკვეთება თუ არა მათი ბრალეულობა“, - განაცხადა თამარ თედლიაშვილმა "მთავარის" პრესკლუბში ბრიფინგზე.

ადვოკატის თქმით, ოჯახი ენდობა სასამართლოს და თუკი ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები დადასტურდება, თარაშ კანდელაკის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.

„ახლა გამოძიება მიმდინარეობს 117-ე მუხლის პირველი ნაწილით. ჩვენ აბსოლუტურად ვენდობით სასამართლოს და როდესაც დაიკითხება 100-ზე მეტი მოწმე, რომელთა უმრავლესობა ამბობს, რომ დაზიანება ერეკლეს თარაშ კანდელაკმა მიაყენა, თუკი დადასტურდება ბრალდების მხარის ანუ ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, თარაშ კანდელაკის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნება. მაგრამ თუ ბრალდების მხარე ვერ წარადგენს მტკიცებულებებს შემდეგ, რა თქმა უნდა, ვერ მოვთხოვთ პასუხს სასამართლოს და თარაშ კანდელაკის მიმართ გამამართლებელი განაჩენი იქნება“, - აცხადებს თამარ თედლიაშვილი.

შეგახსენებთ, 8 ივნისს, გორში მდებარე რესტორან ,,ჟოზეფში“ ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, 18 წლის ერეკლე თედლიაშვილს სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს.

მომხდარ ფაქტზე სამართალდამცავებმა თარაშ კანდელაკი დააკავეს, რომელსაც გორის რაიონულმა სასამართლომ 12 ივნისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს