დოკუმენტური ფილმის „ცხინვალი 1920-ის" პრემიერა ხვალ გაიმართება

დოკუმენტური ფილმის, „ცხინვალი 1920-ის“ პრემიერა ხვალ, 30 სექტემბერს გაიმართება. ფილმს დახურულ პრეზენტაციაზე კონფლიქტოლოგებს, ისტორიკოსებსა და ექსპერტებს უჩვენებენ. იგეგმება სატელევიზო პრემიერაც, ასევე, ფილმი ინტერნეტსივრცეშიც იქნება ხელმისაწვდომი.

„ცხინვალი 1920-ის“ შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ფილმის გადაღების ერთ-ერთმა ინიციატორმა, „საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის” დამფუძნებელმა, დავით ბრაგვაძემ, ისტორიკოსმა, ფილმის სცენარის ავტორმა, დიმიტრი სილაქაძემ და რეჟისორმა, მიხეილ ბასილაძემ ისაუბრეს. როგორც დავით ბრაგვაძემ განაცხადა, ფილმი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საკმაოდ მძლავრი და ღირსეული პასუხია.

„ფილმი ეხება 100 წლის წინ, 1920 წელს ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენი ძირითადი მიზანი იყო, გვეჩვენებინა რეალური ისტორია, რადგან რუსული და სეპარატისტული პროპაგანდის მხრიდან ეს თემა საკმაოდ სერიოზული მანიპულაციის საგანია, ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. არის გარკვეული ბრალდებები იმის შესახებ, რომ საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მოაწყო ოსი ერის გენოციდი. ჩვენ ვეცადეთ, მაქსიმალურად ობიექტურად გაგვეშუქებინა ეს ისტორიული საკითხი, არ გაგვეშუქებინა ნაციონალისტური პოზიციებიდან და შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ყველა სიტყვა, რომელიც ამ ფილმშია გაჟღერებული, გამყარებულია შესაბამისი დოკუმენტებით, საარქივო მასალებით. პროდუქტი არის ძალიან მაღალი ხარისხის და არის საკმაოდ მძლავრი და ღირსეული პასუხი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ“, – განაცხადა დავით ბრაგვაძემ.

ისტორიკოს დიმიტრი სილაქაძის განცხადებით, ფილმში ყველა ფაქტი შესაბამისი წყაროებითაა გამყარებული.

„ჩვენი მიზანი იყო არა პროპაგანდისტული პასუხი იმ სიცრუესთან დაკავშირებით, რა სიცრუესაც რუსული ისტორიოგრაფია, მედია და პოლიტიკური ელიტა ავრცელებს, არამედ ჩვენი მიზანი, იყო გვეჩვენებინა სიმართლე – ყველა სიტყვა, რაც ფილმშია, ყველა მოვლენა, ყველა ფაქტი, შესაბამისი წყაროებით ყოფილიყო გამყარებული. ამისთვის დაგვჭირდა არსებული კვლევები და დამატებითი კვლევის ჩატარებაც. რადგან არსებული კვლევების საკმაოდ ნაწილი ნაკლებად სანდოა ბევრი მიზეზის გამო, აქვს იდეოლოგიური ხასიათის ხარვეზები. დაგვჭირდა კვლევების ჩატარება არქივებში, რათა დამატებითი დოკუმენტები მოგვეძიებინა. ყველაფერი დამყარებულია პირველ წყაროებზე. ჩვენი სურვილი იყო, სიმართლე გვეჩვენებინა, რადგანაც გამოიკვეთა კიდეც მუშაობის პროცესში, რომ ეს სიმართლე იყო ჩვენ მხარეს. ჩვენ ამ ფილმს ვაჩვენებთ იმიტომ, რომ გამოჩნდეს, რა შეცდომები იყო დაშვებული საუკუნის წინ, როცა საქართველოს სახელმწიფოს დაშლის მცდელობა იყო, როგორ დაგვიპირისპირეს ჩვენი მოსახლეობის ნაწილი და გამოიყენეს ჩვენ წინააღმდეგ. გვინდა, ეს ვაჩვენოთ ჩვენს მოსახლეობას, რომ იყოს მაგალითი. ვფიქრობ, ჩვენ საკმაოდ დაბალანსებული, ობიექტური ფილმი გადავიღეთ, სადაც ყველაფერი კვლევაზეა დაფუძნებული. არც ერთი სიტყვა მოგონილი და გაზვიადებული არაა. ხვალ იქნება დახურული პრეზენტაცია, რომელსაც ისტორიკოსები, კონფლიქტოლოგები, ექსპერტები დაესწრებიან. შემდეგ იქნება ფართომასშტაბიანი სატელევიზო პრემიერა და ფილმი ინტერნეტსივრცეშიც განთავსდება“, – განაცხადა დიმიტრი სილაქაძემ.

რეჟისორ მიხეილ ბასილაძის თქმით, ფილმში ნაჩვენებ დოკუმენტებში ასახულია, როგორ აქეზებდა და აფინანსებდა რუსეთი სეპარატისტულ მოძრაობას.

„ის სურათი, რაც დაიხატა, ზედმიწევნით ასახავს იმას, რაც ხდებოდა იმ პერიოდში და რაც დღეს ხდება. პარალელები იმდროინდელ და დღევანდელ მოვლენებს შორის ძალიან თვალსაჩინოა: რაც ხდებოდა, 1920 წელს, როცა ცხინვალი აიღეს, იგივე ხდებოდა 2008-ში, როცა რუსეთი ეხმარებოდა სეპარატისტულ მოძრაობას. ჩვენ გვინდოდა, ეს პარალელი გამოგვეჩინა. ეს ყველაფერი გამაგრებულია დოკუმენტებით. ნათლად ჩანს დოკუმენტებში, როგორ აფინანსებს ამ ყველაფერს რუსეთი, როგორ აქეზებს სეპარატისტულ მოძრაობას, როგორ უპირისპირდება ქართულ სახელმწიფოებრიობას. ეს ყველაფერი ფილმში ასახულია არა ქართული პოზიციიდან, არამედ – იმის საფუძველზე, რაც დოკუმენტებშია. ხაზი მინდა, გავუსვა იმას, რომ ეს დოკუმენტები, ძირითადად, ოსურია. ანუ, ჩვენ მაგივრად საუბრობენ ოსები, თუ როგორ უპირისპირდებოდნენ ისინი ქართულ სახელმწიფოებრიობას. რაც შეეხება ფილმის ვიზუალურ მხარეს, შეიძლება, რამდენიმე სეგმენტად დაიყოს, პირველი ესაა ჩვენი გადაღებული კადრები, რომლებიც ცხინვალის მისადგომებთანაა გადაღებული. მეორე – ნაჩვენებია ყველა ის დოკუმენტი, რომელსაც ვუთითებთ. კიდევ ერთი ეპიზოდია გრაფიკული ელემენტები, იმ პერიოდის ფოტო, საგაზეთო მასალები“, – განაცხადა რეჟისორმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა