თინა ბოკუჩავა - თუ გაგრძელდება დაუსჯელობის სინდრომი, რამაც „ქართული ოცნების“ პირობებში დაისადგურა, მოჰყვება კიდევ უფრო დიდი კრიმინალი

მოვითხოვთ დაისაჯონ დამნაშავეები. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩუმებას, გპირდებით ხვალ და ზეგ გაცილებით მეტი ადამიანი იქნება, ვიდრე დღეს არის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ „პალიტრანიუსს“ მარნეულში განუცხადა, რითაც მარნეულში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, თუ დამნაშავეები არ დაისჯებიან, ქვეყანაში „დაუსჯელობის სინდრომი“ გაგრძელდება.

"აქ არის ძალადობის ეპიცენტრი. უმთავრესი გზავნილი, ძალიან მკაცრი, რაც უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ არის ის, რომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. იმიტომ, რომ ეს ასე თუ არ მოხდება და გაგრძელდება დაუსჯელობის სინდრომი, რამაც დაისადგურა „ქართული ოცნების“ პირობებში, ამას მოჰყვება კიდევ უფრო დიდი კრიმინალი, ამას მოჰყვება კიდევ უფრო მეტი განუკითხაობა და ამას მოჰყვება ის, რომ ადამიანები აღარ გრძნობენ თავს დაცულად“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, დღეს საღამოს, მარნეულში მომხდარი ინციდენტისას დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ხოლო „პირველი არხის“ ოპერატორს კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა