გია ვოლსკი მარნეულის ინციდენტზე - ეს არის პროვოცირებული დაპირისპირება, პროვოკაცია მოდის იმ პოლიტიკური გუნდიდან, რომელსაც გამოცდილებაც აქვს და აწყობს დაძაბულობა

წინასწარი მონაცემებით, რაც ვიცით, ეს არის პროვოცირებული დაპირისპირება და პროვოკაცია მოდის იმ პოლიტიკური გუნდიდან , რომელსაც, რასაკვირველია, გამოცდილებაც აქვს ამ პროვოცირების და რასაკვირველია, აწყობს დაძაბულობა, - ასე შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ, მარნეულში განვითარებული მოვლენები, „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ვოლსკის თქმით, მათ გადაწყვიტეს, რომ დაბალი რეიტინგის პირობებში, ერთადერთი გზა წარმატებისათვის არის დესტაბილიზაცია.

"მითუმეტეს, ისეთ რაიონში, როგორიც არის მარნეული, რომელიც ეთნიკურად აზერბაიჯანლებით არის ძირითადად დასახლებული. ამაზე მოწმობს სააკაშვილის განცხადებები და იმ ადამიანების საქციელები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ დაბალი რეიტინგის პირობებში, ერთადერთი გზა მათი წარმატებისათვის არის დაძაბულობა და დესტაბილიზაცია",- აღნიშნა მან.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში არჩევნების მაღალი დემოკრატიული პრინციპებით ჩატარების თემას განიხილავს და „ქართული ოცნების“ მიმართ გაკეთებული ბრალდებები ლოგიკას არ ექვემდებარება.

„ნებისმიერი ანალიტიკოსი, ნებისმიერი ლოგიკური აზროვნების მქონე ანალიტიკოსი და ალბათ ჟურნალისტიც, გადახედავს, რა ხდება საქართველოს გარეთ, რა პროცესები მიდის რეგიონში და რაც მთავარია, მოიკითხავს რისთვის და რა მიზნით არის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბრიუსელში ჩასული. „ქართული ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრი და დელეგაცია მიავლინა ბრიუსელში, რათა ისაუბრონ ქვეყნის უსაფრთხოების თემაზე და უამრავ სხვა საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის განვითარებასა და ხვალინდელ დღესთან და ამ საუბარში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა არის არჩევნების მაღალი დემოკრატიული პრინციპების ჩატარება და წარმოიდგინეთ, რომელ ლოგიკას ექვემდებარება ის ბრალდებები, რომელიც „ქართული ოცნების“ მისამართით გაისმის“, - აცხადებს ვოლსკი.

გარდა ამისა, ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ ემოციურად შესაძლოა, ვიღაცამ ვერ მოითმინოს და ინციდენტი მოხდეს.

„მე ვუშვებ, რომ ემოციურად შეიძლება ვიღაცამ ვერ მოითმინოს, როდესაც ხედავს, რომ მის განვლილ ცხოვრებაზე უკიდურესად უარყოფითი გავლენის მქონე პოლიტიკური ძალა კვლავ ძალადობს და კვლავ ყელყელაობს და შეიძლება, რაიმე ინციდენტიც მოხდეს სადმე. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ემოცია უნდა გამოხატოს საარჩევნო ყუთთან, რომ ეს ემოცია თუკი იგი დასაშვებ ფარგლებს გადავა და კანონდარღვევად იქცევა „ქართულ ოცნებას“ და იდეას, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს დესტრუქციული ძალა ჩვენს ქვეყანაში, აზიანებს“, - აცხადებს ვოლსკი.

გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია, რომ დაველოდოთ სამართალდამცველი ორგანოების გამოძიების შედეგებს და არ უნდა დავუშვათ, რომ დაძაბულობის ტალღამ გადმოკვეთოს საქართველოს საზღვარი და მოხდეს იმ ცუდი პროცესების ექსპორტი, რომელიც ჩვენს სამეზობლოში ხდება.

„არ უნდა დაუშვას ჩვენმა საზოგადოებამ ის, რომ ახდეს მავნებლური პოლიტიკური ძალების ოცნება და დაპირისპირება გახდეს წინასაარჩევნო მთავარი დამახასიათებელი ნიშანი“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დღეს საღამოს, მარნეულში მომხდარი ინციდენტისას დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ხოლო „პირველი არხის“ ოპერატორს კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით