BTU-მ სტუდენტებისთვის ციფრული წიგნიერების სწავლება, კომუნიკაციების კომისიასთან თანამშრომლობით დაიწყო

კომუნიკაციების კომისიასთან თანამშრომლობის შედეგად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) ახალი საგნის - „ციფრული წიგნიერება და კიბერეთიკა“ სწავლება ახალი სასწავლო წლიდან დაიწყო.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები შეისწავლიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინფორმაციული წიგნიერება, კიბერეთიკა, კიბერ საფრთხეები, მედიაეკონომიკის საფუძვლები და ა.შ.

გარდა ამისა, მედიაწიგნიერების საფუძვლებსა და ძირითად მიმართულებებს უნივერსიტეტის ყველა ის სტუდენტი შეისწავლის, რომელიც სასწავლო პროგრამის ფარგლებში ბიზნეს-კომუნიკაციასა და სტრატეგიულ კომუნიკაციას ეუფლება.

„ციფრული წიგნიერების, როგორც ახალი საგნის სწავლება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც კომუნიკაციების კომისიასა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის მედიაწიგნიერების განვითარების ერთობლივი პროექტების ფარგლებში უკვე მიღწეულია. სასწავლო წლის დაწყებამდე, კომუნიკაციების კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, რეკომენდაციები შემუშავდა მედიაწიგნიერების სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ახალი სილაბუსის დახვეწისა და განვითარებისთვის“, - აცხადებენ კომისიაში.

მათივე ინფორმაციით, მედიაწიგნიერების პროექტების განხორციელება ახალი სასწავლო წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დაიწყო. თანამშრომლობის ფარგლებში, მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, პროექტებში აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ჩაერთვებიან, ასევე საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობით, ერთობლივი სესიები, კონფერენციები და კონკურსები ჩატარდება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა