თორნიკე შარაშენიძე - ვერ წარმომიდგენია, რომ რომელიმე საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტს ან პრემიერს შეგნებულად უარი ეთქვა ტერიტორიებზე ჩვენს საზიანოდ

მე ვერ წარმომიდგენია ამ ხელისუფლების ან იმ ხელისუფლების რომელიმე საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტს ან პრემიერ-მინისტრს შეგნებულად უარი ეთქვა ტერიტორიებზე ჩვენს საზიანოდ, - ამის შესახებ თორნიკე შარაშენიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

შარაშენიძის ინფორმაციით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველო-აზერბაიჯანს შორის ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რომელიც მინისტრის შეცვლის შემდეგ შეჩერდა.

„მე ვიცი, რომ გარკვეული პერიოდი, როდესაც გელა ბეჟუაშვილი იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციაზე და მიღწეული იქნა ისეთი კომპრომისი, რომელიც ჩვენც გვაწყობდა. ეს ეხებოდა დავით გარეჯის თემას, რომელიც, მოგეხსენებათ, არის ყველაზე უფრო მტკივნეული ჩვენი ქვეყნისთვის. მოგეხსენებათ, ახლაც ხშირად იცვლებიან მინისტრები და მაშინაც ხშირად იცვლებოდნენ და როდესაც ბეჟუაშვილი აღარ იყო მინისტრი, მერე ეს მოლაპარაკებები შეჩერდა, თორემ თითქმის ბოლომდე იყო მიყვანილი და რაღაც კომპრომისი იყო მიღწეული. შემდეგ ნამდვილად არ ვიცი რა მოხდა, ვის ხელში გაჩერდა ეს მოლაპარაკებები და რატომ შემოიდო ეს თაროზე, ეს სხვა თემაა. თუ ეს თაროზე შემოიდო, ეს არის როგორც ამ ხელისუფლების, ასევე წინა ხელისუფლების მინისტრების ბრალი. მე არ მჯერა, რომ ვიღაცამ სპეციალურად დამალა და ვიღაცამ სპეციალურად ტერიტორიები გააჩუქა. პირადად მე ვერ წარმომიდგენია ამ ხელისუფლების ან იმ ხელისუფლების რომელიმე საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტს ან პრემიერ-მინისტრს შეგნებულად უარი ეთქვა ტერიტორიებზე ჩვენს საზიანოდ. საერთოდ, ქართულ შიდაპოლიტიკას ახასიათებს ძალიან მძიმე ურთიერთბრალდებები. კრემლის აგენტობა და ათასი კონსპირაცია ბრალდება ხოლმე ერთმანეთს, მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია, რომ მსგავსი რაღაცები შეგნებულად გააკეთო. მე რომ მკითხოთ, მმართველ პარტიას ისედაც დიდი უპირატესობა და არჩევნების მოგების კარგი შანსები აქვს და თუ ეს ახლა წინასაარჩევნოდ გამოაგდო, ჩემი აზრით, სისულელეა, თუ რა თქმა უნდა, ამის უკან მართლაც სერიოზული საბუთები არ დევს“, - განაცხადა შარაშენიძემ.

ცნობისათვის, დავით გარეჯის საკითხზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება მიმდინარეობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს