კულტურის სფეროს წარმომადგენლები გიორგი გახარიას და მიხეილ ჩხენკელს ღია წერილით მიმართავენ

კულტურის სფეროს წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიასა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ჩხენკელს ოფიციალური წერილით მიმართავენ.

წერილის ავტორები გიორგი გახარიასა და მიხეილ ჩხენკელს თელავის ისტორიული მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლების, ნანა ვახვახიშვილისა და ლია სოზაშვილის სამსახურში აღდგენას სთხოვენ.

„მოგმართავთ თელავის ისტორიული მუზეუმის ღვაწლმოსილი თანამშრომლების, ნანა ვახვახიშვილისა და ლია სოზაშვილის გამო. ნანა ვახვახიშვილი და ლია სოზაშვილი თელავის ისტორიული მუზეუმში მუშაობდნენ რამდენიმე ათეული წლის მანძილზე, ქალბატონი ნანა - მუზეუმის გამოცემების სამეცნიერო-საგანმანათლებლო განყოფილების გამოცემების კურატორად, ხოლო ქალბატონი ლია - მუზეუმის სწავლულ მდივნად და სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამების კურატორად. მათ სახელებთან არის დაკავშირებული თელავის ისტორიული მუზეუმის საქმიანობის პოპულარიზაცია, თელავის ისტორიისა და განაშენიანების შესახებ წიგნებისა და ბროშურების გამოცემა, თემატური გამოფენების ორგანიზება, ვასილ ბარნოვის, იოსებ იმედაშვილის, ვასილ როინაშვილის, სერგო ასლანიშვილის, დავით და რომანოზ გველესიანებისა და თელავში მოღვაწე სხვა გამოჩენილი ადამიანების შემოქმედების შესწავლა და მოსახლეობისათვის გაცნობა.

2019 წელს ნანა ვახვახიშვილი და ლია სოზაშვილი მუზეუმში განსახორციელებელი რეორგანიზაციული ცვლილებების საბაბით გაათავისუფლეს სამსახურიდან. როგორც შემდგომში აღმოჩნდა, მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებზე მუზეუმში რეალურად არ მომხდარა რეორგანიზაცია და ის ატარებდა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, რადგან გაუქმებული შტატების ნაცვლად, შემოიღეს ახალი სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც შინაარსობრივად იმავე ფუნქციებით არის აღჭურვილი, როგორც ძველი სტრუქტურული ერთეულები.

მიგვაჩნია, რომ ღირსეული და დამსახურებული ადამიანების გამოგონილი საბაბით სამსახურიდან დათხოვნა არასწორია, როგორც სამართლებრივი ისე მორალური თვალსაზრისით და უსამართლობის განცდას ქმნის საზოგადოებაში.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ქალბატონი ნანა ვახვახიშვილი არის ერეკლე II-ის პირდაპირი შთამომავალი და მისი უსაფუძვლო დათხოვნა ერეკლე II-ის მუზეუმიდან, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენი ისტორიისადმი უპატივცემულობაცაა.

გთხოვთ, თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში შეისწავლოთ შექმნილი ვითარება და შესაბამის სამსახურებს დაავალოთ გადაწყვეტილების მიღება ნანა ვახვახიშვილისა და ლია სოზაშვილის სამსახურში აღდგენის თაობაზე“, - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერს ფილოლოგი, ენათმეცნიერი, საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრი მზექალა შანიძე; კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი ელდარ შენგელაია; მომღერალი, ლოტბარი, საქართველოს სახალხო არტისტი ანზორ ერქომაიშვილი; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ოთხმეზური და კინორეჟისორი, პროფესორი რამაზ (ბუბა) ხოტივარი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო