გია ხუხაშვილი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტზე - საქართველოს გაუჭირდება ამ თემის მედიაცია, ეს მსხვილი მოთამაშეების საქმეა - ამ კონფლიქტის გასაღები არის რუსეთში და თურქეთში

ექსპერტი გია ხუხაშვილი დადებითად აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველო მზადაა, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მონაწილეთა შეხვედრას თბილისში უმასპინძლოს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საქართველოს გაუჭირდება ამ თემის მედიაცია, რადგან აღნიშნული საკითხი ისეთი მსხვილი მოთამაშეების საქმეა, როგორიც რუსეთი და თურქეთია.

„თავისთავად ეს განცხადება მისასალმებელია. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს გაუჭირდება ამ თემის მედიაცია, რადგან უფრო მსხვილი მოთამაშეების საქმეა. ვფიქრობ, ამ კონფლიქტის გასაღები არის რუსეთში და თურქეთში. ჩვენ შეგვიძლია მოედანი შევთავაზოთ, მაგრამ სკეპტიკურად ვუყურებ საკითხს, რომ რამენაირად კონფლიქტის მოგვარებაში მონაწილეობა მივიღოთ. ტექნიკურად შეგვიძლია ეს ფუნქცია ვიკისროთ, მაგრამ საკითხი უფრო დიდი მოთამაშეების საქმეა“, - აცხადებს ხუხაშვილი.

მისი ვარაუდით, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები საქართველოს ხელისუფლების შეთავაზებას არ დათანხმდებიან. ის გამორიცხავს, რომ გარე პოლიტიკური ძალების ჩარევის გარეშე, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებმა დიალოგი დაიწყონ.

„ასეთი კონფლიქტების მოგვარება დიდი მოთამაშეების მიერ ხდება. სამწუხაროდ, ამიერკავკასიის მოედანზე ჯერჯერობით ამ კონფლიქტთან დაკავშირებით აქტიური მოთამაშე რუსეთია, რომლის პროტექტორატის ქვეშ სომხეთი წლების განმავლობაში იყო და მეორე მხრივ - თურქეთი, რომლის ტანდემი აზერბაიჯანთან საყოველთაოდ ცნობილია. ევროკავშირს და აშშ-ს შეუძლია, შეშფოთდეს, (შეშფოთება ბევრი იქნება) მაგრამ რეალურად, კონფლიქტის შეჩერება მხოლოდ მათ შეუძლიათ. იმედი მაქვს, ომს ავცდებით. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის შედეგები სასარგებლო არ იქნება. რაღაც მომენტში კონფლიქტი შეჩერდება და ალბათ, სამშვიდობო მისიას უნდა ველოდოთ - ან ექსკლუზიურად რუსულს ან რუსულ-თურქულს. მე შეჩერების სხვა მექანიზმს ვერ ვხედავ. გამოვრიცხავ, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები დასხდებიან და ერთმანეთთან გარედან იძულების გარეშე საუბარს დაიწყებენ. ასეთი ზემოქმედება შეუძლია რუსეთს მოახდინოს სომხეთზე და თურქეთს-აზერბაიჯანზე. სხვა გასაღები არ არსებობს“,- აცხადებს ხუხაშვილი.

მისი განცხადებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ვითარების ესკალაცია რუსეთის მიერ არის წაქეზებული.

„ვფიქრობ, ვითარების ესკალაცია რუსეთის მიერ არის წაქეზებული და ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ სომხეთმა ფაშინიანის მოსვლის შემდეგ, დაიწყო პროდასავლური საუბრები, დემოკრატიაზე მსჯელობა, რაც რუსეთს ძალიან არ მოეწონა. ვფიქრობ, რუსეთმა ამ კონფლიქტის პროვოცირებით გადაწყვიტა აჩვენოს ვერსია, რა შეიძლება დაემართოს სომხეთს იმ შემთხვევაში, თუ ისინი რუსეთის მფარველობაზე უარს იტყვიან. შესაბამისად, რუსეთის გეგმა ძალიან მარტივია - ერთი მხრივ, აზერბაიჯანის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდება, ის გარკვეულ ტერიტორიებს დაიბრუნებს, სომხეთს მოუწევს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება და ეს ყველაფერი განხორციელდება შესაბამისი სამშვიდობო მისიის ორგანიზებით ახალ გამყოფ ხაზზე. სად გაივლის ეს ხაზი, არ ვიცი“,- აღნიშნავს გია ხუხაშვილი.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, თუ ვითარების ესკალაცია გაგრძელდება, ეს საქართველოზეც უარყოფითად აისახება. ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ შექმნილ სიტუაციაში ხელისუფლებას ძალიან დიდი სიბრძნე მართებს, რომ მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეს.

„ჩვენთვის ეს ყველაფერი ძალიან ცუდია, რადგან თუ რუსეთმა და თურქეთმა დაიწყეს აქტიური სამშვიდობო მისიის განხორციელება კავკასიის რეგიონში, ეს ჩვენთვის ძალიან პრობლემატური იქნება. ძალიან დიდი სიბრძნე მართებს დღეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი განვითარების ვექტორი, მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ ამ ყველაფრიდან და არ განვითარდეს ყველაზე ცუდი სცენარი, როდესაც მთელი რეგიონი ისევ ამ ორი ქვეყნის გავლენის არეალში აღმოჩნდება“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

კორნელი კაკაჩია - თუ ადგილობრივ არჩევნებში გახარიასა და ვასაძის პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, „ქართულ ოცნებას“ პროპორციული სისტემით  ხმების 43%-ის აღება გაუჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.05.2021
პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს
USAID და Gazelle Finance მცირე და საშუალო მეწარმეების და საქართველოში ეკონომიკის აღდგენის მიზნით ახალ პროგრამას იწყებენ
"კრედო ბანკმა" European Fund for Southeast Europe (EFSE) და Green for Growth Fund (GGF)-ისგან საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად 51 მილიონი ლარი მოიზიდა
“მეამა ქოლექთის” ყავის უნიკალური კოქტეილები ბათუმშია