ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე მომხდარი დანაშაულის ფაქტზე ბრალდებულებს 9 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურადჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რასაც სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, სხვა დანაშაულის დაფარვის მოტივით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ჯგუფურად ცემის ფაქტზე ბრალდებულები ზ.ფ. და ვ.ბ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე, ვ.ბ.-ს და ზ.ფ.-ს, ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული ავტომანქანასთან დაკავშირებით, ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ მ.ჩ.-სთან და მ.წ.-სთან.

პროკურატურის ცნობით, მხარეებს შორის კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ზ.ფ.-მ და ვ.ბ-მ, ჯგუფურად, მ.წ.-ს და მ.ჩ.-ს დაზიანებები, მათ შორის მ.წ.-ს სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის დაზიანებები მიაყენეს.

„მ.ჩ.-მ ჯგუფური ძალადობის შედეგად ფიზიკური ტკივილი განიცადა და შემთხვევის ადგილიდან გაქცევა მოახერხა. ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით ბრალდებულებმა მ.წ. ზ.ფ.-ს კუთვნილი ავტომანქანით ვ.ბ.-ს საცხოვრებელ ბინაში გადაიყვანეს, სადაც 3 იანვრის დილამდე უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მ.წ. მიღებული დაზიანებების შედეგად 4 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა ზ.ფ. 2020 წლის 5 იანვარს, ხოლო ვ.ბ. 8 იანვარს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რასაც სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, ჩადენილი ჯგუფურად) 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (სხვა დანაშაულის დაფარვის მოტივით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ზ.ფ.-ს 10 წლით, ხოლო ვ.ბ-ს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს