29 სექტემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მარნეულის პოლიციაში „მთავარი არხის“ ჟურნალისტი გამოიკითხა

„მთავარი არხის“ ჟურნალისტის ჯეიჰუნ მუჰამედ ალის განცხადებით, 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სადაც თავდასხმის შედეგად დაზიანებები მიიღო, სამართალდამცველების შეკითხვებს უპასუხა.

როგორც ჯეიჰუნ მუჰამედ ალიმ მარნეულის პოლიციაში მისი გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, განყოფილებაში აჩვენეს ვიდეო-კადრი, სადაც ჩანს ის კონკრეტული პირი, რომელმაც პროვოცირება მოახდინა. ჟურნალისტის თქმით, ეს პირი ჯერ იდენტიფიცირებული არ არის.

„პროკურატურაში ძირითადი კითხვები გუშინ მომხდარ ამბავთან დაკავშირებით ჰქონდათ. ვიცნობდი, თუ არა ვინც თავს დამესხა, რამდენი პირი იყო. რა თქმა უნდა, კითხვებს შესაბამისი პასუხები გავეცი, ჩვეულებრივი, სტანდარტული კითხვები იყო, სად მოხდა და როგორ მოხდა. გვაჩვენეს კადრები, რომელიც ეთერშიც გავიდა და გვკითხეს, ვიცნობდი თუ არა ვინმეს. კადრებში ჩანს ის პირი, ვინც ამ ამბის პროვოცირება მოახდინა, რომელიც იქ მოდის და გვაყენებს შეურაცხყოფას, შემდეგ უკვე ამას მოჰყვა ყველაფერი. ეს კადრი გვაჩვენეს. მოხდა ჩემი ტანსაცმლის ამოღება, ჩემი პერანგი დავტოვე, რომელიც დახეული იყო. ექსპერტიზა ხვალ იქნება. სამართალდამცველებს ჯერ არ ჰყავთ იდენტიფიცირებული ის პირი, ვინც კადრებში ჩანს“, - განაცხადა ჯეიჰუნ მუჰამედ ალიმ.

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, მარნეულში, 29 სექტემბერს "მთავარი არხის“ ჟურნალისტზე თავდასხმა ხალხმრავალ ადგილზე მოხდა, სადაც ასევე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, შესაბამისად თავდამსხმელთა იდენტიფიცირება რთული არ არის.

როგორც ადვოკატმა მარნეულის პოლიციაში ჯეიჰუნ მუჰამედ ალის გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საქმის ეფექტურად გამოძიების იმედი არ აქვს.

„რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, გამოძიებას ჯერ არ ჰყავს იდენტიფიცირებული პირები, რომლებმაც ჯეიჰუნ მუჰამედ ალის ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩვენთვის უცნობია, თუ რა ქრონოლოგიით და როდის ჩაატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, ვის დაკითხავენ ან საერთოდ, რა შინაარსის საგამოძიებო მოქმედებებს ჩაატარებენ. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. ვინაიდან, თავდასხმა ხალხმრავალ ადგილზე მოხდა და არცთუ ისე შორს იმყოფებოდნენ პოლიციელები, ცხადია, ჩვენი შეფასებით, ძალიან მარტივია იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჯეიჰუნს. შესაბამისად, ეს საქმე რთულად გამოსაძიებელი არ არის.

ვნახოთ, რა საგამოძიებო მოქმედებებს განახორციელებენ. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ გამოძიებას ეფექტური შედეგი მოჰყვება“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა