ევროკავშირი საქართველოში თემზე დაფუძნებული სოფლის განვითარების შესახებ კამპანიას „ჩემი სოფელი“ იწყებს

ევროკავშირი იწყებს საქართველოში თემზე დაფუძნებული სოფლის განვითარების შესახებ კამპანიას „ჩემი სოფელი“. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სოფლის განვითარება საქართველოს მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, რომ მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლად ცხოვრობს და სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და სხვა ეკონომიკური საქმიანობის კუთხით დიდი პოტენციალი გააჩნია.

ევროკავშირი ამ პოტენციალის განვითარებაში საქართველოს 2013 წლიდან ENPARD პროგრამით ეხმარება. ეს დახმარება მოიცავს მთავრობის მხარდაჭერას უკეთესი პოლიტიკის შემუშავებისა და სექტორის მოდერნიზაციისთვის, ასევე პარტნიორებთან თანამშრომლობას რეგიონებში ეკონომიკური უნარ-ჩვევების ამაღლების კუთხით. თუმცა, როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობაში განმარტავენ, სოფლის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თავად ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობაა.

„სწორედ ამიტომ, ბოლო რამოდენიმე წელია, ევროკავშირი საქართველოში, პარტნიორებთან ერთად, მხარს უჭერს ქვემოდან-ზემოთ მიმართულ, ანუ თემზე დაფუძნებულ სოფლის განვითარების პროცესს. ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, იქმნება ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG), რომლებიც აერთიანებენ ადგილობრივ მოქალაქეებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მუნიციპალიტეტებს, რათა მათ ერთად შეიმუშაონ გადაწყვეტილებები საკუთარი სოფლისა თუ თემის გასაძლიერებლად. ჩვენი დახმარებით LAG-ები უკვე 12 მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა. მათ შეძლეს თემის მობილიზება და წამოიწყეს სხვადასხვა სოციალური და ეკონომიკური პროექტები სოფლად საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად,“- განმარტავენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

ევროკავშირმა საქართველოში 500-ზე მეტი ასეთი ინიციატივა დააფინანსა. ეს ინიციატივები ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაციას უწყობს ხელს, 1 000-ზე მეტ ოჯახს უკეთეს დასაქმების საშალებას აძლევს და 10 000-ზე მეტ სოფლად მოსახლეს ცხოვრების პირობებს უუმჯობესებს.

„მე მჯერა ადგილობრივი განვითარების ჯგუფების და სოფლის განვითარების თემზე დაფუძნებული მიდგომის სარგებლიანობის. საქართველოში LAG-ები ადგილობრივი მოსახლეობის ნიჭსა და მეწარმეობის უნარს ფართო შესაძლებლობებს აძლევენ. ადგილობრივი საჭიროებების და შესაძლებლობების შეფასება ხომ ადგილობრივებს ყველაზე კარგად შეუძლიათ. ჩვენი მუშაობის უდიდესი მიღწევა სწორედ იმის დანახვაა, თუ როგორი მოტივაციით, ინტერესითა და ენთუზიაზმით ერთვებიან ადგილობრივები საკუთარი თემის განვითარების პროცესში. ჩვენ მხარდაჭერას მომავალშიც გავაგრძელებთ. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ საქართველოს სოფლის მოსახლეობას, უკეთ გამოიყენონ ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობები, დარჩნენ და გაძლიერდნენ საკუთარ რეგიონებში და არ დასჭირდეთ უკეთესი საარსებო წყაროსთვის სხვაგან გადასახლება.“ - აღნიშნავს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი.

მიმდინარე კვირას, იწყება კამპანია თემზე დაფუძნებული განვითარების ინიციატივების შესახებ.

„შემდეგი ორი კვირის განმავლობაში, გაგაცნობთ ზოგიერთი LAG-ის და ადგილობრივი თემის წარმომადგენლის წარმატების ისტორიას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. გაჩვენებთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა განვითარების პერსპექტივას ფართოდ განიხილავს და ეკონომიკურ აღმავლობას არა მხოლოდ სოფლის მეურნეობაში, არამედ მეწარმეობის, ტურიზმის, მომსახურებისა და სხვა ადგილობრივი ინიციატივების საშუალებით აღწევს,“- აღნიშნავენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

დამატებითი ინფორმაცია ევროკავშირის სოფლის განვითარების მხარდამჭერი პროგრამის და LAG-ების შესახებ, მათ შორის ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის ინტერვიუ, ფაქტები და მონაცემები და 7 ისტორია იხილეთ კამპანიის ვებგვერდზე. ჩვენს კამპანიას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ და თავადაც შემოუერთდეთ ჩვენს Facebook გვერდზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს