ხათუნა ლაგაზიძე - მე-9 მოწვევის პარლამენტი იყო ყველაზე უსახური, ყველაზე დიდი რაოდენობის მონებით

ეს იყო ყველაზე უსახური პარლამენტი, ყველაზე დიდი რაოდენობის მონებით, - ასე აფასებს პოლიტიკის ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობას.

როგორც ლაგაზიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ეს არის პარლამენტი, რომელსაც არცერთი მნიშვნელოვანი და ისტორიული გადაწყვეტილება არ მიუღია.

„ეს არის პარლამენტი, რომელმაც სრულიად დაიქვემდებარა სასამართლო სისტემა. ეს არის პარლამენტი, რომელმაც დაუშვა ოკუპანტის დაჯდომა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე და ამით ჰქონდა მცდელობა მასხრად აეგდო არამცთუ საქართველოს საკანონმდებლო ორგანო, არამედ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ქართველების და იმ ადამიანების დაღვრილი სისხლი, ვინც ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობას შეეწირა. ეს არის პარლამენტი, რომლის პირობებშიც არცერთი მნიშვნელოვანი და ისტორიული გადაწყვეტილება არ მიგვიღია“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

როგორც ლაგაზიძე აცხადებს, შეუძლებელია დღეს იმაზე საუბარი, როგორი იქნება მე-10 მოწვევის პარლამენტი, თუმცა, მისივე თქმით, მომავალი პარლამენტი, ყოფილზე უსახური ვერ იქნება.

„მომავალი ერთი თვე განსაზღვრავს შემდეგი მოწვევის პარლამენტის შემადგენლობას. ძალიან დინამიური იქნება ეს ერთი თვე როგორც შიდა პოლიტიკურ-ეკონომიკური ფაქტორების გამო, ასევე იმის გამო, რომ რეგიონში ომია, რომელმაც შეიძლება სრულად შეცვალოს რეგიონის გეოპოლიტიკა და ძირითადი აქტორების - რუსეთისა და თურქეთის გავლენები. ეს ყველაფერი მოახდენს უმნიშვნელოვანეს გავლენას მომავალი პარლამენტის შემადგენლობაზე. თუ რუსეთის გავლენები შესუსტებისკენ წავიდა და გუშინ უპრეცედენტო რამ მოხდა, როდესაც ფაშინიანმა განაცხადა, რომ ის უარს ამბობს რუსეთის როგორც შუამავლის როლზე, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში. ეს ისტორიული მასშტაბის ცვლილებაა, რამაც თავისი გამოხმაურება შესაძლოა, ჰპოვოს საქართველოს არჩევნებზე და მის შედეგზე. დღეს ძალიან რთული იქნება განვსაზღვროთ მომავალი პარლამენტის შემადგენლობა, თუმცა ამთავითვე შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი უსახური როგორიც აწ უკვე წარსულს ჩაბარებული პარლამენტი იყო, მომავალი პარლამენტი ვერ იქნება, რადგან ბევრი ისეთი პარტია შევა მომავალ პარლამენტში, რომელიც ამ პარლამენტში არ იყო. გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ ვერ იქნება იმ რაოდენობით წარმოდგენილი, რა რაოდენობითაც იყო მე-9 მოწვევის პარლამენტში. ზოგადადადც, დიდი ძვრებია მოსალოდნელი. მომავალი პარლამენტის სიაც მორჩილებით შეარჩია „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ განსაკუთრებით მაჟორიტარებში ბევრი „შეცდომა“ დაუშვეს იმ თვალსაზრისით, რომ თუკი ოდნავ მაინც სასწორი ოპოზიციისკენ გადაიხარა, პირველ რიგში, ბიზნესიდან მისული მაჟორიტარები ოპოზიციისკენ გადახტებიან. დღესაც რამდენიმე მათგანი სულ მცირე ორმაგ მოლაპარაკებებშია ხელისუფლების პარალელურად „ნაციონალურ მოძრაობასთან“. რა თქმა უნდა, მათ არ დავასახელებ. ბევრი საინტერესო რამ გველის მომავალ პარლამენტში და ცალსახად არ იქნება ის ისეთივე უსახური, როგორიც მე-9 მოწვევის პარლამენტი იყო“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა