დიმიტრი შველიძე - ორიენტაციული არჩევნები გვაქვს, ან გაიმარჯვებენ მედასავლეთეები, ან პროჩრდილოელები, ან მედროიფეები

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ თსუ-ს პროფესორს, დიმიტრი შველიძეს ესაუბრა.

- ბატონო დიმიტრი, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის რამდენიმე დღეა მასშტაბური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ მსოფლიოს ბევრი სხვა პრობლემა აწუხებს, აზერბაიჯანულ-სომხური დაპირისპირების მიმართ ინტერესი დიდია.

ამ თემაზე პრემიერმა გიორგი გახარია განაცხადა - საქართველო მზადაა უმასპინძლოს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მონაწილეთა შეხვედრას თბილისში“.

რჩება შთაბეჭდილება, რომ პრემიერ გახარიას ინიციატივა მხოლოდ ქართული ინიციატივა არაა და შესაძლოა ამ პროცესით დაინტერესებული დიდი მოთამაშეების ინიციატივაც იყოს.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხდება? რას შეიძლება ნიშნავდეს პრემიერ გახარიას ინიციატივა და რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ბაქო-ერევნის დიალოგი თბილისში გაიმართოს?

- სომხურ-აზერბაიჯანულ დაპირისპირებებში საქართველოს შუამავლობას დიდი ხნის ისტორია აქვს. ჯერ კიდევ პირველი რესპუბლიკის პერიოდში, ნოე ჟორდანიას მთავრობა ამაოდ ცდილობდა ორი მეზობლის მორიგებას.

საქართველომ მაშინ არაერთხელ წამოაყენა, საერთო კავკასიური კონფერენციის მოწვევის იდეა. ასეთი კონფერენცია შედგა კიდეც, მაგრამ სომხეთმა რამდენიმე კავკასიურ-ინტეგრაციულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.

სომხურ-აზერბაიჯანულ დაპირისპირებებში საქართველოს შუამავლობას დიდი ხნის ისტორია აქვს. ჯერ კიდევ პირველი რესპუბლიკის პერიოდში, ნოე ჟორდანიას მთავრობა ამაოდ ცდილობდა ორი მეზობლის მორიგებას

ამ ისტორიულ ეპიზოდს იმიტომ ვიხსენებ, რომ სომხეთს ტრადიციულად უჭირდა კავკასიურ-ინტეგრაციულ პროცესებში ჩართვა და ეს ნეგატიური ტრადიცია შემდგომ პერიოდებშიც გადმოჰყვა. ამ მხრივ, აზერბაიჯანი უფრო დამყოლი იყო.

რადგან ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის კონფლიქტი ყარაბაღის გამო მიმდინარეობს, ისიც შეიძლება გავიხსენოთ, რომ ამ და სხვა ტერიტორიების გამო კონფლიქტები სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანს შორის 1918-1920 წლებშიც განუწყვეტლივ მიმდინარეობდა. მაშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟორდანიამ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა, არაერთხელ სცადეს შუამავლობა მაგრამ უშედეგოდ. ჩვენს დროში საშუამავლო ტრადიცია ზვიად გამსახურდიამ გააგრძელა.

რაც შეეხება საქართველოს დღევანდელი პრემიერის ინიციატივას, ეს საქართველოს მხრიდან სრულიად ბუნებრივი და საჭირო ინიციატივაა და ჩვენი ქვეყნის, როგორც ტრადიციული მომრიგებლის ფუნქციის მორიგი გამოხატულება. კარგი იქნება თუ ჩვენი მეზობლები პრემიერ გახარიას მოწოდებას დადებითად გამოეხმაურებიან.

კარგი იქნება თუ ჩვენი მეზობლები პრემიერ გახარიას მოწოდებას დადებითად გამოეხმაურებიან

- მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანული და სომხური წყაროები ამ ქვეყნებს შორის მიმდინარე საომარ მოქმედებებზე დიამეტრალურად განსხვავებულ ინფორმაციებს ავრცელებენ, მაინცაა შესაძლებელი იმის დანახვა, რომ აზერბაიჯანი პრაქტიკულად იბრუნებს იმ 6 რაიონს, რომელიც ყარაბაღი არაა, მაგრამ აქამდე სომხეთი აკონტროლებდა. არადა, ოფიციალური ერევანი კარგა ხანია მზად იყო მშვიდობიანად გადაეცა აზერბაიჯანისთვის ეს ტერიტორიები ლაჩინის კორიდორის გარდა.

აზერბაიჯანს 30 წელია სტეპანოკერტი არ დაუბომბავს, მაგრამ ახლა ბომბავს. ამ პროცესს უცნაურად მშვიდად ადევნებს მოსკოვი. სულაც არაა გამორიცხული რომ ახლა რუსეთს სურს აზერბაიჯანმა დასახელებული 6 რაიონი გააკონტროლოს, მაგრამ არა სტეპანოკერტი.

თუ პრეზიდენტმა ალიევმა ყარაბაღის დედაქალაქი არ დაიბრუნა და ახალი რეალობა ჩამოყალიბდა, ეს უარყოფითად იმოქმედებს ალიევის ავტორიტეტზე აზერბაიჯანში, რაც შესაძლოა მისთვის დროთა განმავლობაში სავალალოც კი აღმოჩნდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა პროგნოზირებს რომ დაწყებული ომი მალე არ დასრულდება, დიდი მოთამაშეების აქტიურობით კულისებში საომარი მოქმედებები მალე დასრულდება.

თქვენი დაკვირვებით, აზერბაიჯანულ-სომხური დაპირისპირების მორიგი რაუნდი სავარაუდოდ რა შედეგით შეიძლება დასრულდეს?

- სომხეთი ფაქტობრივად მუსლიმური სახელმწიფოების გარემოცვაში მდებარეობს. ირანელებთან სომხებს ტრადიციულად მეტ-ნაკლებად ნორმალური ურთიერთობა აქვთ. მაგრამ აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ყოფნა მისთვის დიდი დისკომფორტია.

საქმე ის კი არ გახლავთ, რომელიმე მუსლიმი მას ჩაყლაპავს თუ არა. საქმე ისაა, რომ ეს ქვეყანა ფაქტობრივ იზოლაციაში იმყოფება. მას გასასვლელი თავის სტრატეგიულ მოკავშირე რუსეთთანაც კი არა აქვს.

ასეთ ვითარებაში წაართვა სომხეთმა ყარაბაღი აზერბაიჯანს. ეს მწარე დარტყმა იყო აზერბაიჯანისათვის და მისი „ძმისთვისაც“ - თურქეთისთვის. ამას მუსლიმური მეზობლები არასოდეს არ შეურიგდებიან.

ერთადერთი გამოსავალია - აზერბაიჯანისათვის მეტ-ნაკლებად საპატიო შედეგი - გარკვეული ტერიტორიული რევანში და მონაპოვარი. ეს ან ამ კონფლიქტის შედეგი იქნება ან მომავალში მოსახდენი ფაქტი. სხვათაშორის, კომპრომისული გადაწყვეტა სხვა კონფლიქტურ ანალოგიურ შემთხვევებსაც ეხება.

ერთადერთი გამოსავალია - აზერბაიჯანისათვის მეტ-ნაკლებად საპატიო შედეგი - გარკვეული ტერიტორიული რევანში და მონაპოვარი. ეს ან ამ კონფლიქტის შედეგი იქნება ან მომავალში მოსახდენი ფაქტი. სხვათაშორის, კომპრომისული გადაწყვეტა სხვა კონფლიქტურ ანალოგიურ შემთხვევებსაც ეხება

- აზერბაიჯან-სომხეთის დაპირისპირებისა და ჩვენში საარჩევნო კამპანიის ფონზე ჩვენმა პროკურატურამ მეტად მგრძნობიარე თემის შესახებ გააკეთა განცხადება.

პროკურატურამ სათანადო ინფორმაციისა და დოკუმენტების საფუძველზე მიიჩნია, რომ 2007 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სადემარკაციო კომისიის მუშაობის და შეთანხმებების მიღწევის პროცესში ჩართული მოხელეების მოქმედებებში იკვეთება დანაშაულის ნიშნები და ამ დოკუმენტების საფუძველზე დაიწყო გამოძიება.

პრაქტიკულად პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე დაიწყო სისხლის სამართლის მუხლით გამოძიება.

ამ ისტორიაში საინტერესო და გაუგებარი ისაა, ხელისუფლებამ მისი მმართველობის მხოლოდ მერვე წელს რომ აღმოაჩინა კომისიის მუშაობის ფარგლებში იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები. გაუგებარია რატომ მანამდე არ იყო ამაზე საჯარო სივრცეში საუბარი?

- ეს სკანდალური თემაა. ოპონენტები ისედაც ბრალს სდებენ „ნაციონალების“ ხელისუფლებას, რომ მან დათმო ტერიტორიები რუსეთის თუ აფხაზეთ-ოსეთის ცრუსახელმწიფოების სასარგებლოდ. მხედველობაში მაქვს - კოდორის ხეობა და ახალგორი.

ახლა წამოტივტივდა გარეჯის რაიონის ტერიტორიის ნაწილის გადაცემის თემაც ვინ და როგორ უნდა დაეთანხმოს ამას, როცა მონაცემები არაა. პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საკითხის აღძვრა სხვა სფეროა და მხოლოდ მისივე დასკვნის შემდეგ შეიძლება კომენტარის გაკეთება.

აქ მხოლოდ იმის დამატება შეიძლება, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის საკითხმა, ცუდ დროს წამოიწია. მან შესაძლოა ჩვენი პარტნიორი ქვეყნის დაეჭვება გამოიწვიოს. რა დროს ეს იყო? ამის გაკეთება ადრეც შეიძლებოდა და მომავალშიც, შეიძლება, მაგრამ არა დღეს, როცა ჩვენს მეზობლად კონფლიქტის ესკალაცია მიმდინარეობს.

აზერბაიჯანთან საზღვრის საკითხმა, ცუდ დროს წამოიწია. მან შესაძლოა ჩვენი პარტნიორი ქვეყნის დაეჭვება გამოიწვიოს. რა დროს ეს იყო? ამის გაკეთება ადრეც შეიძლებოდა და მომავალშიც, შეიძლება, მაგრამ არა დღეს, როცა ჩვენს მეზობლად კონფლიქტის ესკალაცია მიმდინარეობს

- ფაქტია, რომ წინასაარჩევნოდ ვითარებები აქა იქ, სხვადასხვა ფორმითა და მასშტაბებით იძაბება და შეუძლებელიც კი ამაზე არ ვისაუბროთ.

ოპოზიცია ვითარების დაძაბვაში ხელისუფლებას ადანაშაულებს. ხელისუფლება ლამის ყველა შემთხვევას „პროვოცირებულ დაპირისპირებად“ აფასებს და ხელს „ნაცმოძრაობისკენ“ იშვერს იმ მოტივით, რომ „ნაცმოძრაობას“ „პროვოკაციების ორგანიზების გამოცდილება აქვს და აწყობს დაძაბულობა.“

თავის მხრივ ოპოზიციის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ შეხლა-შემოხლის შემთხვევები საკმაოზე ბევრი იყო, სამართალდამცავ ორგანოებს არც ერთი შემთხვევის გამოძიება ბოლომდე მიუყვანიათ.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა საარჩევნო ოლქების კომისიების შენობებთან, ან ოპონენტების მხარდაჭერებს შორის ხდება?

- ცუდია რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, უკვე გაჩნდა - ცემა-ტყეპის, ადამიანების დაჭრა-დაზარალების ტენდენცია. თუ ასე გაგრძელდა, მაშინ მდგომარეობას ვერ უშველის ხელისუფლებისა და ოპოზიციის გადაძახილ-გადმოძახილი.

საარჩევნო ატმოსფეროზე და პოლიტიკური ელიტის დაშოშმინებაზე ერთადერთი პასუხისმგებელი - ხელისუფლებაა.

საარჩევნო ატმოსფეროზე და პოლიტიკური ელიტის დაშოშმინებაზე ერთადერთი პასუხისმგებელი - ხელისუფლებაა

ხომ ბრალდება ნოემბრისა და 26 მაისის არეულობები წინანდელ ხელისუფლებას. ასე დაბრალდება ხელისუფლებას, დღევანდელი არეულობებიც.

- ხელისუფლება აცხადებს - „ნაცმოძრაობა“ საბოლოოდ დაადგა წინასაარჩევნო კამპანიაში პროვოცირებისა და ძალადობის გზას, რასაც განსაკუთრებული დაფიქრება, მოთმინება და ანალიზი სჭირდება“.

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა - „2020 წლის არჩევნებს არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, ჩვენ ვაცნობიერებთ ამ პასუხიმგებლობას.“

ფაქტია, რომ თუ ეს პასუხიმგებლობა ხელისუფლებასთან ერთად პასუხიმგებლობის მქონე ოპოზიციამ არ გააცნობიერა, არაა გამორიცხული ქვეყანაში არჩევნების დღე შესაძლოა უმძიმესი აღმოჩნდეს.

თქვენი დაკვირვებით რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ ქვეყანაში მშვიდი და სტაბილური ვითარების შესანარჩუნებლად?

- ელემენტარულია. თუ ხელისუფლებას უნარი აქვს - კანონიერი წესრიგი უნდა დაამყაროს. ისტორია გვასწავლის რომ ცუდი მთავრობები ტენდენციურად მოქმედებდნენ და თავიანთ მხარდამჭერებს ხელს აფარებდნენ, ხოლო კარგი მთავრობები - ობიექტურად მოქმედებდნენ.

ისტორია გვასწავლის რომ ცუდი მთავრობები ტენდენციურად მოქმედებდნენ და თავიანთ მხარდამჭერებს ხელს აფარებდნენ, ხოლო კარგი მთავრობები - ობიექტურად მოქმედებდნენ

რაც არ უნდა სცადოს ოპოზიციამ, ქვეყანაში წესრიგს ვერ დაამყარებს. მისთვის მორალის კითხვასაც არა აქვს აზრი. რაც შეეხება მოსახლეობას და საზოგადოებას, ის ყველაფერს ხედავს, მაგრამ ხშირად დუმს. ყველა პოლიტიკოსი ხომ ვერ იქნება - ისედაც ბევრი საზრუნავი აქვთ ადამიანებს.

- ოპოზიციურ ფლანგზე კარგა ხანია აზრთა დიდი სხვადასხვაობა ფიქსირდება საკმაოდ ბევრ თემაზე. ის, რაც ახლა „ნაციონალებსა“ და მისგან გამოყოფილ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ხდება, ბევრი „დიდ ომს ოპოზიციაში“ უწოდებს.

გასაგებია, რომ ყველას, ვინც არჩენებში მონაწილეობს არჩევნების მოგება უნდა და ყველას თავისი სტრატეგია აქვს, მაგრამ თქვენ როგორ შეაფასებდით ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების სტრატეგიების თვალსაზრისით?

- კონკურენცია არამარტო ოპონენტებს შორის მიმდინარეობს არამედ ოპოზიციურ ჯგუფებს შორისაც და ესეც დემოკრატიის რეალობაა. პარტიებს შორის თანხმობა - მხოლოდ ეპიზოდური შეიძლება იყოს, ხოლო - კონკურენცია მათ შორის, ბუნებრივი მდგომარეობაა. იმიტომ აქვთ მათ სხვადასხვა პროგრამები, ხედვები და ინტერესები.

ჩვენს პოლიტიკურ ელიტაში უამრავი ფარული დინებებია. ისინი ასახავენ არამარტო საკუთარ, არამედ - საერთაშორისო ინტერესებსაც. თანაც, ისეთ ქვეყანაში, როგორიც - დღემდე საქართველოა. ის არის ჯერჯერობით გაურკვეველი ადგილის მქონე ქვეყანა - მზისქვეშეთში.

კონკურენცია არამარტო ოპონენტებს შორის მიმდინარეობს არამედ ოპოზიციურ ჯგუფებს შორისაც და ესეც დემოკრატიის რეალობაა. პარტიებს შორის თანხმობა - მხოლოდ ეპიზოდური შეიძლება იყოს, ხოლო - კონკურენცია მათ შორის, ბუნებრივი მდგომარეობაა. იმიტომ აქვთ მათ სხვადასხვა პროგრამები, ხედვები და ინტერესები

ჩვენი მთავრობები კი იძახიან რომ პროდასავლურები არიან, აგერ უკვე რამდენი ხანია, მას შემდეგ, რაც შევარდნაძემ ნატოს კარზე დააკაკუნა. მაგრამ დღეს საქართველო საბოლოოდ - არც დასავლეთისაა, არც ჩრდილოეთისა და არც არავისი.

ამგვარი გაურკვეველი მდგომარეობა იწვევს იმას, რომ ჩვენში არსებობენ - პრორუსული პარტიებიც, პროდასავლური პარტიებიც და მოდრეიფე პარტიებიც - მაგალითად, ისეთი პროდასავლელები არიან, რომლებიც ამავდროულად - მოსკოვისათვისაც მისაღებია.

ამიტომ ყოველთვის ვირწმუნები ხოლმე და ერთსა და იმავეს ყოველი არჩევნების წინ - ყველა არჩევნები ჩვენში ორიენტაციულ ხასიათს ატარებს. დღესაც ახალი არაფერია - ორიენტაციული არჩევნები გვაქვს, ან გაიმარჯვებენ მედასავლეთეები, ან პროჩრდილოელები, ან მედროიფეები.

- გასაგებია, რომ ყოფილი თანაგუნდელები და უკვე ოპონენტები ახლა უფრო თამამად საუბრობენ მათივე მართვის სტილის ნაკლოვანებებზე, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ კამათში ისინი ბოლომდე სათქმელს მაინც არ ამბობენ.

რა შეიძლება იყოს ის, რაზეც ხმამაღლა რეალურად არც ერთი მხარე არ საუბრობს?

- კარგი კითხვაა. არჩევნებში ჩართული პოლიტიკური პარტიები სწორედ იმას მალავენ, რომელი საერთაშორისო მოთამაშეა მათი მფარველი. ესაა მთავარი დასამალი, რაზედაც ისინი არასოდეს არ ილაპარაკებენ. რა თქმა უნდა, რასაც ვამბობ, ყველა პარტიაზე არ ვრცელდება.

არჩევნებში ჩართული პოლიტიკლური პარტიები სწორედ იმას მალავენ, რომელი საერთაშორისო მოთამაშეა მათი მფარველი. ესაა მთავარი დასამალი, რაზედაც ისინი არასოდეს არ ილაპარაკებენ. რა თქმა უნდა, რასაც ვამბობ, ყველა პარტიაზე არ ვრცელდება

- არჩევნებში მონაწილე სუბიექტების მიერ მაჟორიტარულ ოლქებში თავისი კანდიდატების წარდგენა დასრულებულია. უკვე ვიცით როგორი პარტიული სიით წარსდგება „ქართული ოცნება“. ახლა ყველაზე აქტუალური თემაა თუ როგორი პარტიული სიები ექნება სხვა პარტიებს.

რადგან პარტიულ სიებზე დავიწყეთ საუბარი, უნდა ითქვას, რომ ამ თვალსაზრისით გაგვაკვირვა „ევროპულმა საქართველომ“.

ცესკო-ში „ევროპულმა საქართველომ“ პარტიული სია არ წარუდგენია. მათი მტკიცებით, ისინი ქართულ პოლიტიკურ კულტურაში ახალ სტანდარტს ამკვიდრებენ - პარლამენტში მოხვდებიან ისინი „ევროპული საქართველოდან“, ვისაც მაჟორიტარულ ოლქებში ყველაზე მაღალი შედეგი ექნებათ.

თქვენ როგორ შეაფასებდით მმმართველი პარტიის პარტიულ სიას და ქართულ რეალობაში „ევროპული საქართველოს“ ნოუ-ჰაუს?

- სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოება ფიქრობს, რომ შეზღუდული არჩევანი აქვს. ის ორიენტაციას აკეთებს ზაქროზე, იმიტომ რომ შაქრო არ მოვიდეს. მას მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ ვერ გადაჭრა ფუნდამენტური პრობლემები. მას ისიც მიაჩნია რომ არც სიაში არიან ისეთები, რომლებსაც ამ პრობლემების გადაწყვეტა შეუძლია.

ერთადერთი დადებითი რაც შესაძლოა რომ ამ არჩევნებში მოხდეს, ისაა, რომ პარლამენტში რაც შეიძლება ბევრი ოპოზიციონერი შევიდეს. ამ ხელისუფლებას სისხლის შერევა სჭირდება. ის დაბერდა. ოპოზიციაში კი ბევრი ისეთი პერსონაა, რომლებიც ენერგიას და ინტელექტს შეიტანენ პარლამენტშიც და სხვა სტრუქტურებშიც. ეს ერთი.

ერთადერთი დადებითი რაც შესაძლოა რომ ამ არჩევნებში მოხდეს, ისაა, რომ პარლამენტში რაც შეიძლება ბევრი ოპოზიციონერი შევიდეს. ამ ხელისუფლებას სისხლის შერევა სჭირდება. ის დაბერდა. ოპოზიციაში კი ბევრი ისეთი პერსონაა, რომლებიც ენერგიას და ინტელექტს შეიტანენ პარლამენტშიც და სხვა სტრუქტურებშიც

და მეორე - „ევროპული საქართველო“ „ნაციონალების“ ის განაყოფია, რომელიც უფრო აწყობს ხელისუფლებას. ხელისუფლება ხელსაც კი შეუწყობს „ევროპელებს“, ოღონდ რაც შეიძლება ნაკლები „ნაციონალი“ მოხვდეს პარლამენტში.

ამიტომ „ევროპელების“ ნოუ-ჰაუც სწორედ ამგვარი მიზნის მისაღწევადაა ჩაფიქრებული - მეტი „ევროპელი“ და რაც შეიძლება ნაკლები „ნაციონალი.“

- დამკვირვებელბთა ნაწილი მიიჩნევს, რომ 2020 წლის არჩევნებს აშკარად აკლია იმგვარი ინტრიგა, რაც არჩევნების დღეს ამომრჩევლების აქტიურობას უზრუნველყოფდა. მეორე ნაწილი ამგავარ ინტრიგად იმას ასახელებს თუ რამდენი პარტია გადალახავს 1%-იან ბარიერს.

თქვენი დაკვირვებით, 2020 წლის არჩევნების მთავარ ინტრიგა რაა?

- დღევანდელი ელექტორატის უმრავლესობა სტატიკურობის მომხრეა. მას არ უნდა დინამიკა და ეშინია ცვლილებების. მას ნეგატიური წონასწორობა ურჩევნია. ალბათ, ამგვარი განწყობა გადამწყვეტი იქნება 31 ოქტომბერს.

დღევანდელი ელექტორატის უმრავლესობა სტატიკურობის მომხრეა. მას არ უნდა დინამიკა და ეშინია ცვლილებების. მას ნეგატიური წონასწორობა ურჩევნია. ალბათ, ამგვარი განწყობა გადამწყვეტი იქნება 31 ოქტომბერს

- აზერბაიჯანულ-სომხური დაპირისპირების ფონზე მეტად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პრემიერის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან სტოლტერბეგთან.

ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ნატოს გენმდივანმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა დააჩქაროს ქვეყნის ნატოში გაწევრიანებისთვის მომზადება.

აზერბაიჯანულ-სომხური დაპირისპირების ფონზე თქვენ როგორ აღიქვით და შეაფასებდით ნატოს გენმდივნის ამ განცხადებას?

- ბატონ სტოლტენბერგის განცხადებაში ნამდვილად ვერ ვხედავ რაიმე განსაკუთრებულს, თუმცა ის ზოგადად დადებითი გზავნილია. ის უახლოესი დროისათვის არაფერს გულისხმობს.

სტოლტერბერგის განცხადებაში მე მხოლოდ ის წავიკითხე, რომ საქართველოს ვარშავის სამიტზე და უახლოეს სამიტებზე, ნატოში არ მიიღებენ და გაურკვეველია ისიც, რამდენი წელი უნდა იაროს მან ნატოს გზაზე. მაგრამ რომ უნდა იაროს ნატოსკენ, ეს უდავოა.

სტოლტერბერგის განცხადებაში მე მხოლოდ ის წავიკითხე, რომ საქართველოს ვარშავის სამიტზე და უახლოეს სამიტებზე, ნატოში არ მიიღებენ და გაურკვეველია ისიც, რამდენი წელი უნდა იაროს მან ნატოს გზაზე. მაგრამ რომ უნდა იაროს ნატოსკენ, ეს უდავოა

კობა ბენდელიანი

ინტერპრესნიუსი

ვახტანგ ძაბირაძე - დღეს საზოგადოებაში არ ჭარბობს განწყობა - ოღონდ ეს ხელისუფლება წავიდეს და ვინც გინდა მოვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.10.2020
ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ირმა ინაშვილი - 8 წელია სადისტები გვასხედან თავზე (R)
Admixer - ახალი შესაძლებლობები ციფრულ მარკეტინგში
ეფექტური ლოგისტიკა, როგორც სამშენებლო ინდუსტრიის განვითარების მექანიზმი (R)
დღეიდან სილქნეტი Ispace-ის სარეალიზაციო ცენტრებში აქციას იწყებს
კავკასიის უნივერსიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს