ვახტანგ ძაბირაძე - ეს პარლამენტი არაფრით განსხვავდება ყველა იმ დანარჩენისგან, რაც დამოუკიდებლობის მერე გვქონდა - ყველა პარლამენტში არსებობდა მორჩილი უმრავლესობა

თუ დღევანდელ პარლამენტს რაიმე გამოარჩევს წინამორბედი პარლამენტებისგან, ეს არის გავრილოვის ფაქტორი და ის, რაც ამას შემდეგ მოჰყვა პოლიტიკური თვალსაზრისით, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსთან“ მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სხვა დანარჩენით დღევანდელი პარლამენტი წინამორბედებისგან არაფრით განსხვავდება და მათ ერთი საერთო დამახასიათებელი ნიშანი აქვთ, რაც საპარლამენტო უმრავლესობის მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერისადმი მორჩილებაში გამოიხატება.

„თუ დღევანდელ პარლამენტს რაიმე გამოარჩევს წინამორბედი პარლამენტებისგან, ეს არის გავრილოვის ფაქტორი და ის, რაც ამას შემდეგ მოჰყვა პოლიტიკური თვალსაზრისით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეს უკავშირდება საარჩევნო სისტემას და ამის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. შესაბამისად, მაშინ რაღაც ნაბიჯები უნდა გადაედგათ, რომ მღელვარება ჩაეცხროთ, რასაც მოჰყვა პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა და განცხადება იმის თაობაზე, რომ იქნებოდა პროპორციული საარჩევნო სისტემა. საბოლოოდ, ეს მოხდა არა ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკური ხანძარი იმ წუთში ჩაეხშოთ. რაც შეეხება ირაკლი კობახიძის ჩანაცვლებას არჩილ თალაკვაძით, რომ გითხრათ, რომ ამის შემდეგ რაიმე მნიშვნელოვნად შეიცვალა პარლამენტში, ამას ვერ ვიტყვი. თუმცა, არც ის შემიძლია ვთქვა, რომ არჩილ თალაკვაძე ნაკლებად პროფესიონალურად უძღვება დაკისრებულ მოვალეობას, ძალიან კარგი, გაწონასწორებული პარლამენტის თავმჯდომარეა, მაგრამ ეს სხვა საკითხია და პრობლემა სხვაგან არის - მორჩილებაში.

უმრავლესობა დაკომპლექტებულია მორჩილი ადამიანებით, ასევე, ისინი უფრო ხშირად მოქმედებენ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე.

ეს პარლამენტი არაფრით განსხვავდება ყველა იმ დანარჩენი პარლამენტებისგან, რაც დამოუკიდებლობის მერე გვქონდა ამ ქვეყანაში. ყველა ამ პარლამენტში არსებობდა მორჩილი უმრავლესობა, რომელიც იმას აკეთებდა, რასაც გადაწყვეტდა ამა თუ იმ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის ლიდერი, თანაც ერთპიროვნული ლიდერი. მე არ მახსენდება არც ერთი პარლამენტი, რომელიც ამა თუ იმ ლიდერის წინააღმდეგ აჯანყებულიყო და მისი საპირისპირო გადაწყვეტილება მიეღო,“- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

კითხვაზე, როცა ლიდერის წინააღმდეგ წასვლაზეა საუბარი, რა შეფასებას გააკეთებს ე.წ. ამბოხებული დეპუტატების თაობაზე, რომელიც მე-9 მოწვევის პარლამენტის ერთ-ერთ მთავარ მოვლენას, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას უკავშირდება, ძაბირაძე აცხადებს, რომ ის სპექტაკლებზე არ საუბრობს და რეალურად არც ერთ პერიოდში არც ერთი საპარლამენტო უმრავლესობა მმართველი ძალის ლიდერის წინააღმდეგ არ წასულა.

„მე სპექტაკლებზე არ ვსაუბრობ, ვსაუბრობ იმაზე, რომ რეალურად არასდროს ყოფილა იქ ხალხი ამბოხებული ლიდერის წინააღმდეგ. მე არ ვთვლი, რომ ეს „ამბოხება“, „ქართული ოცნების“ ლიდერებთან შეთანხმების გარეშე მოხდა და უცებ გამოიჩინეს ფხა. რადგან არც მანამდე და არც ამბოხების შემდეგ ეს კატეგორია დეპუტატების დამოუკიდებლობით არასდროს გამოირჩეოდა. ასე იყო სააკაშვილის პარლამენტშიც და ასეა დღესაც,“- აღნიშნავს ძაბირაძე.

მისივე თქმით, რეალურად მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყანაში რეალური საპარლამენტო მმართველობა არ არსებობს, ამ პირობებში კი ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღება პარლამენტში ან ვერ ხერხდება, ან მისი აღსრულება არ ხდება.

„პარლამენტს ყველაფრის გაკეთება შეუძლია, როცა არის საპარლამენტო მმართველობა, მაგრამ არის კი ჩვენთან საპარლამენტო მმართველობა?! ქაღალდზე ეს არის, მაგრამ რეალურად არის?! შეიძლება პარლამენტმა გარკვეული კანონები მიიღო და მოკლედ რომ გითხრათ, დღევანდელი კონსტიტუცია უკეთესია, ვიდრე 2010 წელს მიღებული, მაგრამ არ მუშაობს ეს კონსტიტუცია, დევს თაროზე, რადგან რეალური მმართველი ქვეყნის არის პარტიის თავმჯდომარე, რომელიც კონსტიტუციაში საერთოდ არ ფიგურირებს. როცა რაიმეს გაკეთებაზეა საუბარი, აუცილებელია, რომ პარლამენტი იყოს დამოუკიდებელი. პროფესიონალიზმია ასევე, მნიშვნელოვანი. პოლიტიკურ დებატებს თუ ავიღებთ თუნდაც, ვნახავთ, რომ ფაქტობრივად წყლის ნაყვა გამოდის. მე მახსოვს, როცა პარლამენტში დეპუტატები, ავტორიტეტული პიროვნებები გამოდიოდნენ და გამოსვლას იწყებდნენ ასე - მე „პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ...“, შეიძლება პარლამენტის წევრმა თქვას პოლიტიკოსი არ ვარო? აბა ვინაა? - ჩაის მკრეფავი? ეს ფრაზა 90-იან წლებში იყო ძალიან მოდური, ახლა ამ ფრაზას აღარ იყენებენ, მაგრამ აქაც სისტემაა ასაწყობი, არ შეიძლება ადამიანი იყოს პარლამენტის წევრი და მას გარკვეული პოლიტიკური გზა არ ჰქონდეს გავლილი. ჩვენთან როგორ არის იცით? - თუ გყავს ახლობელი რომელიმე პარტიის ლიდერი, არ აქვს მნიშვნელობა რომელ პარტიაში, შეიძლება სიაში აღმოჩნდე,“- განაცხადა ძაბირაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა