ბიძინა ივანიშვილი - გვახსოვს ხელისუფლება, რომელმაც პოლიტიკური ახლო მხედველობის გამო, თავიდან ვერ აიცილა სამხედრო ავანტიურა და გაუაზრებელი მოქმედებებით ქვეყანას 20% დააკარგვინა

გვახსოვს ხელისუფლება, რომელმაც მისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური ახლო მხედველობის გამო, თავიდან ვერ აიცილა სამხედრო ავანტიურა და გაუაზრებელი მოქმედებებით ქვეყანას 20% დააკარგვინა, რამაც გაართულა ჩვენი ჩრდილო-ატლანტიკური პროცესი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის 9 წელზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას პოლიტიკური ოპოზიცია ტერორში იმყოფებოდა და არჩევნები უხეშად ყალბდებოდა. ამასთან, საბიუჯეტო სახსრები ერთი კაცის ვნებებისა და სურვილების შესაბამისად იყო განაწილებული.

,,ჩვენ ყველას გვახსოვს ბედის ანაბარად მიტოვებული ქართული სოფელი. დავიწყებას ვერ მიეცემა დრო, როდესაც სახელმწიფოს არ გააჩნდა არანაირი თანაგრძნობა და სოციალური პასუხისმგებლობა საკუთარი ხალხისადმი. იყო დრო, როდესაც მოქალაქეების უმეტესი ნაწილი იძულებული იყო უკანასკნელი საოჯახო ნივთებიც გაეყიდა მკურნალობისთვის და მძიმე სამედიცინო დიაგნოზი პრაქტიკულად სასიკვდილო განაჩენს უდრიდა. ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება ხელისუფლების ბოროტი ნების უსიტყვოდ შემსრულებელი, ნოტარიუსად ქცეული და დაჩოქებული სასამართლო, გაუქმებული მართლმსაჯულება და ადვოკატის პროფესია. ტერორში მყოფი პოლიტიკური ოპოზიცია, უხეშად გაყალბებული არჩევნები. დემოკრატიული კონტროლისა და ხელისუფლების არმქონე დამახინჯებული კონსტიტუცია, ერთი კაცის ვნებებისა და სურვილების შესაბამისად განაწილებული საბიუჯეტო სახსრები. მიტაცებული, უსიცოცხლო და გარინდებული მედია პირადი ცხოვრების გამჟღავნების უწყვეტი მუქარითა და შანტაჟით, უკანონოდ დაპატიმრებული ჟურნალისტები, შეურაცხყოფილი მწერლები, მსახიობები, მეცნიერები, სპორტსმენები და ჩვენი საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები.

გვახსოვს ხელისუფლება, რომელმაც მისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური ახლო მხედველობის გამო თავიდან ვერ აიცილა სამხედრო ავანტიურა და გააზრებელი მოქმედებებით ქვეყანას 20% დააკარგვინა, რამაც გაართულა ჩვენი ჩრდილო-ატლანტიკური პროცესი. მეხსიერებიდან ვერ ამოიშლება ბრძოლის ველიდან ლაჩრულად გაქცეული მთავარსარდალი და უპატრონოდ მიტოვებული ჩვენი გმირი ჯარისკაცების ცხედრები, საკუთარი სახლ-კარიდან გამოყრილი მოსახლეობა. მსურს ასევე შეგახსენოთ იმდროინდელი სამართალდამცავი სისტემის უკიდურესი თვითნებობა და სახელმწიფო პოლიტიკაში მათი არაპროპორციული, მავნებლური გავლენა რამაც ბევრი ოჯახის პირადი ტრაგედია განაპირობა,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა