ბიძინა ივანიშვილი - წინამორბედი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ვალად აღებულ სახსრებს „ქართული ოცნება“ ხარჯავს ეფექტიანად და პატიოსნად, არ ფლანგავს და რაც მთავარია, არ იპარავს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, წინამორბედი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ვალად აღებულ სახსრებს „ქართული ოცნება“ ეფექტიანად ხარჯავს, არ ფლანგავს და არ იპარავს.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, პანდემიიდან გამომდინარე მიზნობრივი დახმარება გაეწია ყველა იმ დარგს, რომელიც ეკონომიკის გადარჩენისთვის აუცილებელია.

„ დღეს, როდესაც პანდემიის გამო, უმძიმეს კრიზისში აღმოჩნდა და გაჩერდა მთელი მსოფლიო, ლოგიკური და სრულიად ბუნებრივია, რომ საქართველოს ისედაც მყიფე ეკონომიკას გაუჭირდა და დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება იმისათვის, რომ კვლავ წელში გავიმართოთ. ვალი, რომლის აღებაც ჩვენს ხელისუფლებას მოუწია, მთლიანად ხმარდება ხალხს, პირველ რიგში კი მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება, ვინც შემოსავლის გარეშე დარჩა, სოციალურად დაუცველებს, სტუდენტებს, ბავშვებს. ამავე დროს, მიზნობრივი დახმარება გაეწია ყველა იმ დარგს, რომელმაც ეკონომიკა უნდა გადაარჩინოს, იქნება ეს მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი თუ სხვა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამასაც მოვერევით და კრიზისიდან მინიმალური დანაკარგებით გამოვალთ, რადგან ყველა თეთრი, რაც კრიზისის დროს მოვიზიდეთ, ხმარდება ქართულ ეკონომიკას, მის მდგრადობას და განვითარებას. წინამორბედი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ვალად აღებულ სახსრებს „ქართული ოცნება“ ხარჯავს ეფექტიანად და პატიოსნად, არ ფლანგავს და რაც მთავარია, არ იპარავს მას.

ჩვენ, რვა წელია ვებრძვით სიღარიბეს და მოვახერხეთ ოცწლიანი დაღმასვლის შეჩერება - 400 ათასამდე ჩვენი მოქალაქე ამოვიყვანეთ უკიდურესი სიღატაკიდან, თუმცა, კიდევ გვრჩება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი, 700 ათასზე მეტი ჩვენი მოქალაქე. ეს ძალიან დიდი რიცხვია. სამწუხაროდ, ჩვენი ეკონომიკა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს პრობლემა ერთბაშად დავძლიოთ, მაგრამ მტკიცედ გვწამს, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, ერთიანობით, თავდაუზოგავი და პატიოსანი შრომით, პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით, ჩვენ ამ პრობლემასაც წარმატებით დავძლევთ.

სწორედ ამ მიზნებს და ამოცანებს ემსახურება პარტიის საარჩევნო პროგრამა, რომელიც დღეს უნდა წარმოგიდგინონ ჩვენი გუნდის წევრებმა.

ჩვენი დღევანდელი შეხვედრის ფორმატიდან გამომდინარე, პროგრამა შედარებით მოკლედ, თეზისურად იქნება წარმოდგენილი, თუმცა, დაგეგმილი გვაქვს, რომ კამპანიის დროს, რამდენიმე სპეციალური პრეზენტაცია კიდევ გავმართოთ, მათ შორის რეგიონებში და თემების მიხედვით, დეტალურად ვესაუბროთ ამომრჩეველს ჩვენს პროგრამაზე, რათა სათქმელიც გასაგებად ვუთხრათ, და თითოეულ სიტყვასა და დაპირებაზე ჯეროვანი პასუხისმგებლობაც ავიღოთ.

განვითარება და წინსვლა ქართველი კაცის ხასიათშია. ისტორიულად, ის ყოველთვის იყურებოდა წინ, და არასოდეს არჩევანი წარსულის სასარგებლოდ არ გაუკეთებია. ამიტომაც, მჯერა, ჩვენი ხალხი თავის არჩევანს იმ ძალის სასარგებლოდ გააკეთებს, რომელსაც სწორი გზით წინ მიჰყავს ქვეყანა, რომელმაც დაამტკიცა, რომ შესწევს უნარი შეინარჩუნოს მშვიდობა და საკუთარ მოქალაქეებს სტაბილური გარემო შეუქმნას წინსვლისა და წარმატებისთვის“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა