ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს არ ახსოვს სტაბილურობის და მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარების ესოდენ ხანგრძლივი პერიოდი - „ქართულ ოცნებამდე“ ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ აიცილა არეულობა, ქაოსი და სისხლისღვრა

უდავო ფაქტია, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, საქართველოს არ ახსოვს სტაბილურობის და მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარების ესოდენ ხანგრძლივი პერიოდი. „ქართულ ოცნებამდე“ ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ აიცილა არეულობა, ქაოსი და სისხლისღვრა, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, წინსვლა გვაქვს ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებებით.

კერძოდ, მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ანგარიშზეა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესება და აშშ-ს ორპარტიული მხარდაჭერის აქტი.

,,გადავხედოთ ჩვენს ისტორიას, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე - სამხედრო გადატრიალება, რასაც ეროვნული ხელისუფლების დამხობა, პირველი პრეზიდენტის მკვლელობა და სამოქალაქო ომი მოჰყვა; შემდგომ კი, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში შეიარაღებული კონფლიქტების პირველი ფაზა, მარცხი და ასობით ათასი დევნილი მოსახლეობა; კრიმინალური ბანდების თარეში და პრაქტიკულად გაუქმებული, დისფუნქციური სახელმწიფო, განადგურებული, ნულზე დაყვანილი ეკონომიკა და სრულიად მოშლილი სოციალური ინფრასტრუქტურა; შემდეგ - სტაგნაცია, კორუფციული ჭაობი, უძრაობა და როგორც შედეგი, ხელისუფლების კვლავ არაკონსტიტუციური, რევოლუციური გზით ცვლილება; პირველი იმედები, გამოცოცხლება და ისევ ომი, ოკუპაცია, ადამიანური მსხვერპლი, დევნილი მოსახლეობის ახალი ნაკადი და მძიმე ეკონომიკური კრიზისი.

უმძიმესი მემკვიდრეობის, ურთულესი გეოპოლიტიკური გამოწვევების, და რყევების მიუხედავად, ჩვენ პირველი ხელისუფლება ვართ, ვინც ხანგრძლივად მოვახერხეთ შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და სტაბილურობა, რადგან მიგვაჩნია, რომ სწორედ მშვიდობა და სტაბილურობა წარმოადგენს ქვეყნის გაძლიერების, დემოკრატიული განვითარების და შეუქცევადი წინსვლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს. იმავდროულად, ჩვენ ვახერხებთ გვეჭიროს პრინციპული და ღირსეული პოზიცია, როდესაც საქმე ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას ეხება, იქნება ეს ოკუპაციის შედეგების აღმოფხვრა თუ ჩვენი ხალხის ევრო-ატლანტიკური არჩევანის რეალიზაცია,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „ცინიზმის მწვერვალია, როდესაც პოლიტიკური ძალა, რომელიც პირდაპირ შემოუძღვა ოკუპანტს ქვეყანაში და შემდეგ, ევროპის საბჭოში საკუთარ სამშობლოს ომის დაწყება ოფიციალურად დააბრალა", ბორდერიზაციასა და მცოცავ ოკუპაციაში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს.

,,ოკუპაციის ურთულეს პირობებშიც კი, როდესაც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს, ჩვენი მოქალაქეები ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე არიან, ჩვენი რაციონალური და პრაგმატული მიდგომებით, ვახერხებთ მშვიდობის შენარჩუნებას, რასაც გვიწონებენ და მხარში გვიდგანან ჩვენი დასავლელი პარტნიორები. შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ამ პოლიტიკის წყალობით, 2020 წლის „მსოფლიო მშვიდობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო მშვიდობიანობის გრძელვადიანი გაუმჯობესებით, მსოფლიოში მეორე ადგილზეა, ხოლო 2020 წლის „სახელმწიფოებრივი სიმყიფის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო სახელმწიფოებრივი მდგრადობის გრძელვადიანი გაუმჯობესებით, მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მოხვდა და ევრაზიის კონტინენტზე პირველ ადგილზე გავიდა.

საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა და ავტორიტეტული სარეიტინგო ინსტიტუტების ესოდენ მაღალი შეფასებები გვიმტკიცებს რწმენას, რომ ჩვენ მიერ არჩეული პოლიტიკა, ამ მიმართულებითაც უალტერნატივოა. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პროპაგანდა, აქაც ვერ მოდის თანხვედრაში ვერც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ვერც საერთაშორისო სარეიტინგო ინსტიტუტებთან. ცინიზმის მწვერვალია, როცა პოლიტიკური ძალა, ვინც პირდაპირ შემოუძღვა ოკუპანტს ქვეყანაში და შემდეგ ევროპის საბჭოში საკუთარ სამშობლოს ოფიციალურად დააბრალა ომის დაწყება, დღეს ჩვენ გვდებს ბრალს ბორდერიზაციასა და მცოცავ ოკუპაციაში“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა