მიხეილ ჩხენკელი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება 2,5-ჯერ გაიზარდა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზრდება ზოგადი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება, ამასთან გაიზრდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურებაც.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, განათლებისა და მეცნიერების სფეროში ფუნდამენტური ცვლილებების განსახორციელებლად მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება.

“ განათლებისა და მეცნიერების განვითარება სახელმწიფოს განსაკუთრებული პრიორიტეტია. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება 2,5-ჯერ გაიზარდა. საბავშვო ბაღები გახდა სრულიად უფასო. მნიშვნელოვნად გაიზარდა კვების დაფინანსება და გაუმჯობესდა კვების რაციონი. გაორმაგდა ზოგადი განათლების დაფინანსება. სკოლებში ამოქმედდა უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა, გაორმაგდა სკოლის მასწავლებლის ხელფასი.

სკოლა გახდა უსაფრთხო, სადაც საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას 1525 მანდატური იცავს, რომელთა შრომის ანაზღაურება 50%-ით გაიზარდა. 65 ათასზე მეტი მოსწავლე უზრუნველყოფილია უფასო ტრანსპორტით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სკოლებში ინკლუზიური განათლების განვითარებას. 7-ჯერ გაიზარდა პროფესიული განათლების დაფინანსება. ამასთან, 33-დან 62%-მდე გაიზარდა პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი. სრულად ან ნაწილობრივ ფინანსდება უნივერსიტეტების 30 ათასამდე სტუდენტის სწავლა. უმაღლესი განათლების დაფინანსება ორჯერ გაიზარდა და 150 მილიონი ლარი შეადგინა. საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ერთი მილიარდი ევროს ინვესტიციით დაფუძნდა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მქონე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების დაფინანსება 2012 წელთან შედარებით 57%-ით გაიზარდა.

განათლებისა და მეცნიერების სფეროში ფუნდამენტური ცვლილებების განსახორციელებლად, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება. გაიზრდება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება, მნიშვნელოვნად გაიზრდება ზოგადი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება, გაიზრდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება, გაიზრდება პროფესიული განათლების საბიუჯეტო დაფინანსება, გაიზრდება უმაღლესი განათლების დაფინანსება და ამავდროულად ჩამოყალიბდება დაფინანსების კონცეპტუალურად ახალი მოდელი.

ასევე, საქართველო გახდება Erasmus+ პროგრამული ქვეყანა, რის შედეგადაც ხელმისაწვდომი იქნება პროგრამის ყველა კომპონენტი. გაიზრდება სახელმწიფოს დაფინანსებით სამეცნიერო საგრანტო კონკურსების რაოდენობა. ხელი შეეწყობა საზღვარგარეთ მოღვაწე აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ქართულ სამეცნიერო სივრცესთან თანამშრომლობას, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი ჩამოყალიბდება, როგორც უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტის მქონე მეცნიერებისა და განათლების კერა“,-განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს