ირაკლი კობახიძე - “ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარმოდგენილი პარტიული სია, დეგრადირებული ადამიანების სიაა

"ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარმოდგენილი პარტიული სია, „დეგრადირებული ადამიანების სიაა“. როგორც ირაკლი კობახიძე განმარტავს, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარმოდგენილი პარტიული სია აჩვენებს, რომ მათ განახლების რესურსი არ აქვთ.

„ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ახალი სახე, ძალიან ბევრი ძლიერი ახალი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საპარლამენტო საქმიანობაში. ამის პირისპირ კი თქვენ იხილეთ აბსოლუტურად დეგრადირებული სია ისეთი ადამიანების, რომლებიც მობეზრებული ჰყავს სრულიად ქართულ საზოგადოებას. ეს არის გაუმართავი და განუახლებელი სია, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არავითარი განახლების რესურსი არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, ვერც ექნება გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ცივილიზებულმა ადამიანმა იცის, თუ რა არის „ნაცმოძრაობა“ და რა არის „ევროპული საქართველო“ „გირჩი“ და ასე შემდეგ. ბუნებრივია, საზოგადოება ასეთ პოლიტიკურ სუბიექტებს ემიჯნება გამომდინარე მათი წარსულიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, თუ რატომ დაუთმო დიდი დრო „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას 2012 წლამდე პერიოდის მიმოხილვას, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდებმა იცოდნენ, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება. ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი ფაშისტურ რეჟიმს შეადარა.

„ამას მარტივი ახსნა აქვს. ჩვენ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ის აბსოლუტურად მძიმე ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც იყო დაფუძნებული ძალადობასა და სიცრუეზე, იმისთვის, რომ ასეთი რამ არ განმეორდეს . 1945 წლის შემდეგ ათწლეულები გავიდა და დღესაც კი ახსენებენ გერმანულ საზოგადოებას იმას, თუ რა მძიმე იყო ფაშიზმი. რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, ისინი ფორმებით არ განსხვავდებოდნენ, მათი საქმიანობის ფორმებიც ძალადობა და სიცრუე იყო. ჩვენ მუდმივად უნდა შევახსენოთ ქართულ საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, თუ როგორი აღარ უნდა იყოს ხელისუფლება. განსხვავებით ჰიტლერისგან, ამ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები დღესაც რჩებიან ქართულ პოლიტიკაში სხვადასხვა მიზეზების გამო“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, “ნაციონალურმა მოძრაობამ” პარტიული სია წარადგინა. სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეა. პარტიულ სიაში ასევე არიან: გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე, კობა ნაყოფია, დევი ჭანკოტაძე, ლევან ვარშალომიძე, სალომე სამადაშვილი, ზაალ უდუმაშვილი, ხათუნა სამნიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა