ნათია თურნავა - მომდევნო 4 წლის განმავლობაში ბიზნესის მხარდასაჭერად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა გაგრძელდება

მომდევნო 4 წლის განმავლობაში გაგრძელდება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ბიზნესის მხარდასაჭერად, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის წარდგენაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესს გაეზრდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, გაფართოვდება პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება რამდენიმე ასეული პროექტი, რაც სულ მცირე 20 ათასამდე ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

„კერძო ინვესტიციების შემდგომი მხარდაჭერის მიზნით საქართველო განაგრძობს რეგიონალურ ბიზნეს-ჰაბად ჩამოყალიბების პროცესს. ბიზნესისთვის სერვისების გამარტივების მიმართულებით, პროგრამა „სახელმწიფო - შენი პარტნიორია“-ს ფარგლებში, ადგილობრივ დონეზე ამოქმედდება ე.წ. ფრონტ დესკები“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ასევე უზრუნველყოფილი იქნება ტექნოპარკების ეფექტიანი მუშაობა და ინოვაციური პროექტების დაფინანსება, დაინერგება ციფრული უნარების პროგრამები.

როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგარმის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ აღნიშნა, 2012 წლის შემდეგ საქართველოში ფართოდ დაინერგა ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამები.

მისი თქმით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსდა 600-ზე მეტი პროექტი, 6000-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო მიკროგრანტი და შეიქმნა 34,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი.

ამასთან, ნათია თურნავას თქმით, საქართველო განაგრძობს რეგიონალურ სატრანსპორტო დერეფანში საკუთარი როლის განმტკიცებას.

„შავი ზღვის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, APM ტერმინალის პროექტის ფარგლებში გაფართოვდება ფოთის პორტი და ამერიკის მთავრობის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციასთან თანამშრომლობით, აშენდება Pace Group-ის ახალი ტერმინალი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, სახელმწიფო ხელს შეუწყობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ კონსტიტუციური მნიშვნელობის ამოცანად განისაზღვრა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო