სახელმწიფოს და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, ყვარელში ახალი სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ყვარელში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „აგროსთორი“ სამაცივრე მეურნეობის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა სახელმწიფოს და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით ამოქმედდა.

„ჩვენ რეგულარული, მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით. ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარება პრიორიტეტული გახდა. შესაბამისად, სახელმწიფო ძალიან ბევრს აკეთებს დარგის მოდერნიზაციისთვის. ამ ფონზე, ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობა კიდევ უფრო ხელშესახებია და რეალურ შედეგებს იძლევა. გაჩნდა მრავალი შესაძლებლობა, რადგან ტექნიკური დახმარების კუთხით, ამერიკელი მეგობრები და პარტნიორები მხარში გვიდგანან. პარალელურად, სახელმწიფო ფინანსურად ეხმარება კარგ ინიციატივებს. საბოლოოდ კი, დამატებითი ღირებულება იქმნება გადამუშავებაში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, როგორც აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა USAID-ის საქართველოში საქმიანობის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.

„ახალი სამაცივრე მეურნეობა დაეხმარება ფერმერებს მეტი შემოსავლის მიღებაში და ხელს შეუწყობს რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. სასიამოვნოა, ისეთ ინიციატივის განხორციელებაში ჩართულობა, რომელიც საშუალებას აძლევს ადგილობრივ ფერმერებს შეინახონ მალფუჭებადი პროდუქტი, გააფართოონ სარეალიზაციო ბაზრები, გაზარდონ პროდუქტის ხარისხი და ფასი. აღნიშნული სამაცივრე მეურნეობა კერძო სექტორის, USAID-ისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, კოოპერატივმა „აგროსთორი“ ყვარლის მუნიციპალიტეტში 3 ჰექტარზე ჟოლოს ბაღი გააშენა. „სააგენტოს თანადაფინანსებამ 30 000 ლარი შეადგინა. კოოპერატივმა „შეღავათიანი აგროკრედიტითაც“ ისარგებლა და 390 000 ლარი მიიღო. USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამასთან კონსულტაციით, კოოპერატივმა ჟოლოს ახალი სახეობა „Tulamagic“ გააშენა. ამ სახეობის ჟოლო ადვილად ტრანსპორტირებადია და შენახვის ხანგრძლივობა მეტი აქვს, შესაბამისად, ის საუკეთესოა საექსპორტოდ. კოოპერატივი მუდმივად 6, სეზონურად კი, 150-მდე ადგილობრივს დაასაქმებს. კოოპერატივმა USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის გრანტი 72,436 აშშ დოლარი, ცივი შენახვის ორი სათავსოსა და წინასწარი გაგრილების ოთახის აღჭურვილობის შესაძენად გამოიყენა. 300 მ2 მიწისა და 180 მ2 ფართის შენობის შეძენა და შესაბამისად მოწყობა კოოპერატივმა საკუთარი სახსრებით მოახდინა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს